მსოფლიოს საუკეთესო საპენსიო სისტემების მქონე ქვეყნების 2022 წლის რეიტინგი

მსოფლიოს საუკეთესო საპენსიო სისტემების მქონე ქვეყნების 2022 წლის რეიტინგი

Mercer-ისა და CFA Institute-ის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევით დადგინდა, რომ 2022 წელს მსოფლიოს საუკეთესო საპენსიო სისტემების რეიტინგში ლიდერობა კვლავ ისლანდიამ შეინარჩუნა, რომელსაც, გასული წლის მსგავსად, მეორე ადგილზე ისევ ნიდერლანდები მოჰყვება. ჩატარებული გამოკითხვით, ისლანდიის ორწლიან ლიდერობას ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორში საპენსიო შეღავათების დონე და ათწლეულების განმავლობაში გამართული და მდგრადი სისტემა განაპირობებს.

საინტერესოა, რომ 2022 წლის რეიტინგში, გასულ წელთან შედარებით ერთი საფეხურით დაქვეითდა გაერთიანებული სამეფო, თუმცა ის ათეულში მაინც დარჩა. გაერთიანებული სამეფოს მიერ პოზიციების ვერშენარჩუნების მიუხედავად, სახელმწიფო რეიტინგში ამერიკის შეერთებულ შტატებზე მეტ ქულას ფლობს, ძირითადად საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობისა და სისტემის მთლიანობის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები მიმდინარე წლის სიაში მე-20 ადგილს დასჯერდა და 63.9 ქულა დააგროვა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის რეიტინგის საშუალო ქულად 63.0 განისაზღვრა.

გაერთიანებული სამეფო უსწრებს ევროპის ისეთ სახელმწიფოებსაც, როგორებიც გერმანია, საფრანგეთი და იტალიაა, რომელთაც შესაბამისად მე-17, 22-ე და 32-ე ადგილები დაიკავეს. რაც შეეხება მსოფლიოს აზიურ ნაწილს, ამ შემთხვევაში 35-ე ადგილზე იაპონიას ვხვდებით, რომელსაც ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფი ჩინეთი მოსდევს, ხოლო ინდოეთი 41-ე ადგილს დასჯერდა. გასულ წელთან შედარებით დაწინაურებულთა შორის კი აღსანიშნავია მექსიკა, რომელმაც, საპენსიო რეფორმიდან გამომდინარე, რეიტინგში რვა საფეხურით მაღლა გადაინაცვლა და 29-ე ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, საპენსიო სისტემების შესახებ კვლევა Mercer-მა და CFA Institute-მა Monash Business School-თან თანამშრომლობით ჩაატარა. 2022 წლის რეიტინგის შედგენისას მსოფლიოს 44 საპენსიო სისტემა იქნა შესწავლილი, ყურადღება გამახვილდა მათ სისტემებში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. კვლევამ ქვეყნებს ქულები სამ ძირითად ინდიკატორზე (adequacy, sustainability, integrity) დაყრდნობით მიანიჭა.

Mercer-ისა და CFA Institute-ის მიერ შედგენილი, მსოფლიოს საუკეთესო საპენსიო სისტემების მქონე ქვეყნების წამყვანი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ისლანდია – 84.7 ქულა
  2. ნიდერლანდები – 84.6 ქულა
  3. დანია – 82 ქულა
  4. ისრაელი – 79.8 ქულა
  5. ფინეთი – 77.2 ქულა
  6. ავსტრალია – 76.8 ქულა
  7. ნორვეგია – 75.3 ქულა
  8. შვედეთი – 74.6 ქულა
  9. სინგაპური – 74.1 ქულა
  10. გაერთიანებული სამეფო – 73.7 ქულა
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *