ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.
მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა რეკორდული $51.7 ტრილიონი, მოგებამ – $4.5 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ – $238 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $88.5 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 621 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი და ჰონგ-კონგი მოჰყვება. 2023 წლის რეიტინგს სათავეში ამერიკული საბანკო გიგანტი, JPMorgan-ი უდგას.
Forbes-ის Global 2000-ის 2024 წლის რეიტინგში მოხვდნენ წამყვანი მედიაკომპანიები, რომელთაგანაც პირველობა, $120-მილიარდიანი შემოსავლითა და $15.4 მილიარდის მოგებით, ამერიკულმა მედიაგიგანტმა Comcast-მა მოიპოვა. გლობალურ რეიტინგში Comcast-მა ორი ათას კომპანიას შორის მე -40 პოზიცია დაიკავა. კომპანიის შემოსავლები $121.9 მილიარდს უტოლდება, აქტივების მოცულობა – $263.6 მილიარდი, ხოლო საბაზრო ღირებულება – $154 მილიარდია. გასული წლის განმავლობაში, Comcast-ის აქციების ღირებულება 29%-ით გაიზარდა, შედეგად კი, Global 2000-ის რეიტინგში კომპანია 11 პოზიციით დაწინაურდა.
მედიაკომპანიების შემოსავლების მატება გასული წლის ფილმების წარმატებამ განაპირობა. Box Office Mojo-ს მონაცემებით, გასულ წელს სალაროების შემოსავალი 21%-ით გაიზარდა და $8.9 მილიარდს მიაღწია. წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის ლიდერები Warner Bros. Discovery-ის „ბარბი“ და „სუპერ მარიო ძმების ფილმი“ გახდნენ, ორივე მათგანმა სალაროებში $1.4 მილიარდი გამოიმუშავა, ხოლო „ოპენჰაიმერის“ შემოსავალმა $975 მილიონი შეადგინა.
წლევანდელ Global 2000-ში Comcast-თან ერთად ვხვდებით Netflix-ს (212) Warner Bros. Discovery-სა (673) და Fox-ს (814). ხოლო Paramount-ი და DraftKings-ი, შესაბამისად, 1066-ე და 1993-ე ადგილებზეა წარმოდგენილი. (1066). ყველა ამ კომპანიის შემთხვევაში, გასულ წელთან შედარებით პოზიციები გაუმჯობესებულია, თუმცა Walt Disney-ი წელს რეიტინგში 87-დან 155-ე პოზიციამდე დავარდა, რაც ფირმისთვის გამოწვევებით სავსე წელიწადმა განაპირობა. Disney-ის ფილმების წარუმატებლობამ კომპანიის შემოსავლები ერთი წლის განმავლობაში 26%-ით შეამცირა.
Global 2000-ის უმსხვილეს მედიაკომპანიებს შორის Comcast-ს ამერიკული Charter Communications-ი მოსდევს – $54.6-მილიარდიანი შემოსავლით, $4.6-მილიარდიანი მოგებით, $148 მილიარდის აქტივებითა და $39 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციით. ხუთეულშია Netflix-იც, $35-მილიარდიანი შემოსავლით, $6.4-მილიარდიანი მოგებით, $49 მილიარდის აქტივებით და $267.7 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციით. შემდეგ მოდის Warner Bros. Discovery-ი და ფრანგული Publicis Groupe SA. მათ შემთხვევაში შემოსავალი $40.6 მილიარდსა და $16 მილიარდს უდრის, მოგება კი შესაბამისად, -$3 მილიარდი და $1.4 მილიარდია. ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $19 მილიარდს და $28 მილიარდს უტოლდება.