ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 2024 წლის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. რეიტინგი გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების მიხედვითაა შედგენილი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის Global 2000-ის სიაში შემავალმა კომპანიებმა ახალი რეკორდები დაამყარეს – 51.7 ტრილიონი აშშ დოლარის შემოსავლით, 4.5 ტრილიონი აშშ დოლარის მოგებით, 238 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივებითა და 88.5 ტრილიონი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით.
რეიტინგში წარმოდგენილი 2000 კომპანია მსოფლიოს 61 ქვეყანაშია გადანაწილებული. 621 კომპანიით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზე ჩინეთი და ჰონგ-კონგია 324-ით, შემდეგ მოდის იაპონია 181-ით, ინდოეთი 71-ით და გაერთიანებული სამეფო 66-ით.
ზედიზედ მეორე წელია, სიის პირველ ნომრად J.P. Morgan Chase-ი რჩება, მე-2 ადგილზე კი Berkshire Hathaway-ია, რომელიც 2023 წელს ათეულს მიღმა დარჩა – უფრო მეტიც, გასული წლის სიაში ეს უკანასკნელი 338-ე ადგილზე იყო დაქვეითებული, რაც ბაზრის არასტაბილურობის გამო, 22.8 მილიარდი აშშ დოლარის ზარალმა განაპირობა.
რეიტინგის პირველ ხუთეულში შარშანდელი მეორეადგილოსანი Saudi Aramco წელს მე-3 პოზიციაზეა წარმოდგენილი. მე-4 ადგილს Industrial and Commercial Bank of China იკავებს, მე-5 პოზიციას კი Bank of America სჯერდება.
ტოპ-10-ში შემავალი კომპანიებიდან ყველაზე მეტი, ექვსი წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. ათეულის დანარჩენი კომპანიებიდან სამი ჩინეთში მდებარეობს, ერთი კი საუდის არაბეთში.