ნახევარგამტარების დეფიციტის გამო ტოიოტა ორი კვირით თურქეთში მდებარე თავის ევროპის უდიდეს ქარხანაში წარმოებას აჩერებს.
Bloomberg HT- ის ცნობით, Toyota Motor Manufacturing Turkey აჩერებს ბაზას ადაპაზარის რაიონში, ჩრდილო–დასავლეთ საქარიას პროვინციაში მიმდინარე წლის 20 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე. ამის მიზეზად ნახევარგამტარების მიწოდების პრობლემები დასახელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ Toyota Turkey ბრენდის საზღვარგარეთ წარმოების მხრივ ერთ–ერთი უდიდესია. ყოველწლიურად Toyota Turkey დაახლოებით 280,000 ერთეულს აწარმოებს.
Toyota Turkey–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალი ჰაიდარ ბოზქურთმა ადრე განაცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვში არსებულმა პრობლემებმა წარმოების შეფერხებაც გამოიწვია. მან ისიც აღნიშნა, რომ პრობლემას წარმოადგენს მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან ბრენდს არ აქვს საკმარისი მანქანები ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად ასათვისებლად.
Toyota Turkey აწარმოებს Corolla-სა და Toyota C-HR–ის ტიპის მოდელებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის 150 -მდე ქვეყანაში.
გლობალური ავტომწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ნახევარგამტარი ჩიპების გლობალური დეფიციტი სავარაუდოდ 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც თავისთავად გამოიწვევს წარმოებისა და შესაბამისად გაყიდვების მოცულობის კლებას.
ამასთან, ბევრი თურქული ავტომწარმოებელი, ისეთები როგორიცაა Ford Otosan, Tofaş და Oyak Renault იძულებულნი გახდნენ დროებით შეეჩერებინათ წარმოება გასული თვეების განმავლობაში, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებების გამო.
ბევრი ავტომწარმოებელი გასული წლის ზარალის ანაზღაურებას წელს გაზრდილი მიწოდებით გეგმავდა. ამასთან, პანდემიის შესუსტებასთან ერთად, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნაც გაიზარდა. თუმცა, არასაკმარისი ნახევარგამტარი ჩიპების გამო ავტომწარმოებლები წარმოების გაზრდას წელსაც ვერ შეძლებენ.