Netflix-ი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მორიგებაზე დათანხმდა – ინფორმაციას Variety.com ავრცელებს.
სარჩელის მიხედვით, სერიალის “დედოფლის გამბიტი” ეპიზოდი ცილისწამების ფაქტს შეიცავს. კერძოდ, ნონა გაფრინდაშვილის მტკიცებით, მისი მიღწევები შეურაცხყოფილი იყო, როცა Netflix-ის სერიალში ჭადრაკის დიქტორმა არასწორად განაცხადა, რომ “მას არასოდეს უთამაშია მამაკაცთან”. სინამდვილეში 1968 წლისთვის ანუ იმ დროისთვის, რომელსაც სერიალი ასახავს, ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის პარტიები 59 მამაკაც კონკურენტთან ჰქონდა შესრულებული.
თავდაპირველად, Netflix-მა სარჩელის უარყოფა სცადა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს პირველი შესწორების მიხედვით ფართო ლიცენზია ჰქონდათ, თუმცა 2022 წლის იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ ეს არგუმენტი უარყო და დაადგინა, რომ “ის არ არის იმუნიტეტი სარჩელისაგან, თუკი სერიალი რეალურ ფაქტებს არღვევს”.
მართალია, Netflix-მა გადაწყვეტილება მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამშაბათს, 6 სექტემბერს საქმე დაიხურა.
„მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა, რომელიც გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს.
ამ დროისთვის გარიგების პირობები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ “დედოფლის გამბიტი” განასახიერებს ბეთ ჰარმონს, გამოგონილ ამერიკელს, რომელიც ჭადრაკში საერთაშორისო ჩემპიონი ხდება. ფინალურ ეპიზოდში ჰარმონი მოსკოვში გამართულ ტურნირზე მამაკაც კონკურენტს ამარცხებს. დიქტორი განმარტავს, რომ ოპონენტმა იგი ვერ შეაფასა.
“ერთადერთი უჩვეულო რამ მასში [ბეთ ჰარმონის პერსონაჟში] სქესია და ეს ფაქტი რუსეთშიც კი უნიკალურია. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ქალი მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია მამაკაცებს,” – ნათქვამია სერიალში.
ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ახლა 81 წლისაა, ამტკიცებდა, რომ სწორედ ეს რეპლიკა „უხეში, სექსისტური და დამამცირებელი“ იყო.
შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ “მიზანმიმართულად გაჟღერებულ” მცდარ ცნობებს ეხება. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ს სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. “ნიუ-იორკ თაიმსი” კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა – „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“.
იურიდიულ ფირმა BLB-ში ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველი ფირმა BLB-ის ინფორმაციით, Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილმა უფლებების დაცვისთვის ბრძოლა განაგრძო.
„გაფრინდაშვილი VS Netflix-ის საქმეზე“ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა 24 იანვარს სასამართლოს მხარეთა პირველი ზეპირი მოსმენის გაუქმების შემდეგ გადაწყვეტილება 3 დღეში მიიღო და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. იურიდიული ფირმა BLB-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქეისი სამართლებრივად პრეცედენტი იქნება მსგავს საქმეებში, რადგან განსაკუთრებით სპეციფიკური საქმეა სამართლებრივად“, – აცხადებდა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე.