Deloitte: ტურიზმის სექტორის 3 გამოწვევა თბილისში

Deloitte: ტურიზმის სექტორის 3 გამოწვევა თბილისში

კომპანია “Deloitte საქართველომ” თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა.

კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტურისტული სექტორი თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მხოლოდ 2015 წელს თბილისმა ტურიზმიდან 404 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამავე პერიოდში თბილისის აეროპორტი 1.1 მლნ მგზავრს მოემსახურა. სექტორში ჯამში 23 ათასი ადამიანია დასაქმებული.

Deloitte ელოდება, რომ სექტორის ბრუნვა 2022 წლისთვის 751 მლნ დოლარამდე გაიზრდება. ზრდა წელიწადში კი საშუალოდ 13% იქნება.

სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად სახელდება მუშახელის კვალიფიკაცია. კერძოდ, სერვისები კვლავ არ არის ევროპული დონის.

“მიუხედავად იმისა, რომ ყოვეწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს გადამზადების პროგრამებში, რომლებსაც მთავრობა აფინანსებს, სერვისში მომუშავე პირების კვალიფიკაცია კვლავ არ არის მაღალი. სტანდარტების გაუმჯობესებას პროფესიულ სასწავლებლებში არსებულმა კურსებმა უნდა შეუწყოს ხელი”, – ვკითხულობთ კვლევაში.

მეორე გამოწვევად სახელდება თბილისში სასტუმროების სიჭარბე.

“თბილისში დამატებით 16 ახალი ბრენდული სასტუმრო შენდება. მსგავს სასტუმროებზე მთლიანი განთავსების 70%-ზე მეტი მოდის, თუმცა მათმა სიჭარბემ შესაძლოა, სასტუმროების მოგებიანობაზე იმოქმედოს, თუკი ტურიზმში დამატებითი სექტორები არ განვითარდება პარალელურად, ასე მაგალითად MICE – საქმიანი ტურიზმი”, – აღნიშნულია კვლევაში.

მესამე გამოწვევად სახელდება ქალაქის გადატვირთულობა.

“თბილისის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები – თავისუფლების მოედანი, ძველი თბილისი და რუსთაველის გამზირი გადატვირთულია. დედაქალაქში არ არის საკმარისი რაოდენობის სათანადოდ განვითარებული ადგილები, რომლებსაც ამ ტერიტორიების განტვირთვა შეეძლება. სხვა რაიონების განვითარება ერთის მხრივ დაეხმარება ქალაქს ეკონომიკურ განვითარებაში, ხოლო მეორე მხრივ დამატებითი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია კვლევაში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *