უფრო მეტად ციფრული – აქ. ახლა, თიბისი უკვე უზბეკეთშია

თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო. ბანკმა პირველი ფილიალი დედაქალაქ ტაშკენტში გაიხსნა, თუმცა, ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, თიბისი უზბეკეთში მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმა SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. პანდემიის პერიოდში, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ბიზნესი გააჩერა და არაერთი კომპანიის გეგმები დააპაუზა, თიბისიმ მაინც შეძლო ჩანაფიქრი ბოლომდე მიეყვანა და დაახლოებით ორი წლის წინ დასახული მიზანი განეხორციელებინა. რატომ უზბეკეთი და რას ელოდება თიბისი ამ ბაზრისგან, ამაზე თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი შაგიძემ Forbes Georgia-სთან ისაუბრა.

ბატონო გიორგი, თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება პანდემიის პირობებში დაიწყო. როგორ მოახერხეთ ეს?

ჩვენ ლიცენზია დაახლოებით თვენახევრის წინ ავიღეთ და აქტიურად ვემზადებოდით უზბეკეთის ბაზარზე გასვლისთვის. ამ ბაზარზე წელიწადნახევრის წინ შევედით, როდესაც საგადასახდო სისტემა PayMe-ი შევიძინეთ. აღნიშნულ სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს აჭარბებს. ასე რომ, პირველი ფილიალის გახსნამდე ძალიან ბევრი რამ წინასწარ გვქონდა გაკეთებული.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვახერხეთ ამ გეგმის ბოლომდე მიყვანა... თიბისი პანდემიის გამო დისტანციური მომსახურების რეჟიმზე გადავიდა,  შევძელით ე.წ Back Office-ის დაახლოებით 95% გადაგვეყვანა დისტანციურ სამუშაოზე. ასეთ რეჟიმში გავაგრძელეთ უზბეკეთის ბანკის გახსნის სამუშაოებიც, რომელიც ისედაც ჩაფიქრებული იყო, რომ ყოფილიყო მომავალი თაობის ბანკი, რაც შეიძლება ნაკლები ტრადიციული შეთავაზებებით და პირიქით, უფრო მეტი დისტანციური და ციფრული სერვისით. პანდემიის პირობებში კი ეს ჩანაფიქრი კიდევ უფრო გავააქტიურეთ. ავიყვანეთ თანამშრომლები დისტანციურად, შევძელით დაგვენერგა პროგრამული უზრუნველყოფა დისტანციურად. დიდი გუნდია, რომელიც პროექტზე მუშაობს - ნაწილი საქართველოდან, ნაწილი ადგილზე, უზბეკეთში. შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ  უზბეკეთში უკვე პირველი მომხმარებელიც გვყავს. ამ ეტაპზე თიბისი უზბეკეთში ე.წ Friends and Family რეჟიმი ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება.

თქვენ ამბობთ რომ ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით მუშაობთ. რას გულისხმობს ეს უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ?

იგულისხმება მომსახურების ძირითადი ნაწილის ციფრული არხებით შესრულება, რაც  პლატფორმა -SPACE-ზე  დაყრდნობით ხერხდება. მიუხედავად იმისა რომ მომსახურების მოდელი გულისხმობს ფილიალებს, ეს არის უფრო მომავალი თაობის ფილიალი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელის კონსულტაციებზე, ვიდრე ტრადიციულ ტრანზაქციულ სერვისებზე. ოფისი აღჭურვილია iPad-ებით. იქ მომხმარებლებს ასწავლიან პროგრამის გამოყენებას და პირველი საბანკო ოპერაციების შესრულებას. ასეთი ფილიალების გახსნა კიდევ იგეგმება. თუმცა, ძირითადი სერვისების მიწოდება ციფრულად გაგრძელდება.

უზბეკეთი საკმაოდ სპეციფიკური ბაზრის მქონე და დახურული ქვეყანაა. რატომ აირჩია თიბისიმ ეს ქვეყანა?

უზბეკეთი ძალიან საინტერესო ბაზარია რამდენიმე ფაქტორის გამო: პირველი – ის მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყანაა ცენტრალურ აზიაში და  ძალიან წრაფად იზრდება. მეორე – რეფორმების გატარების თვალსაზრისით.  ძალიან ბევრ კარგ რეფორმას ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში საგადასახადო თუ საბანკო სფეროში. მესამე – საბანკო სერვისების პენეტრაცია უზბეკეთში დაბალია, თუმცა მზარდია და შესაბამისად,  ქმნის კარგ შესაძლებლობებს. კომბინაციაში აღებულმა ამ ფაქტორებმა ძალიან მიგვიზიდა და დაახლოებით 2 წლის წინ უზბეკეთის ბაზარზე გასვლისთვის მუშაობა დავიწყეთ.

თუმცა, გამოწვევები მაინც არის, მითუმეტეს ამ კრიზისულ ვითარებაში, რაც პანდემიამ გამოიწვია...

გამოწვევები ნებისმიერ ბიზნესში არის. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და პროაქტიურად ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, უპირველესი გამოწვევა არის Covid-19-ი, თუმცა, ორი რაღაც უნდა აღვნიშნო: ერთი რომ უზბეკეთი არის ერთ-ერთი იმ მცირე ქვეყნებიდან, რომელსაც კოვიდის მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე დაყრდნობით თითქმის 2%-იანი ზრდა მაინც ექნება; და მეორე – თიბისი ბანკი ციფრული შეთავაზებების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზეა და  იყო Covid-19-მდე პერიოდშიც. შესაბამისად, ამ ფაქტორებმა შესაძლებლობა მოგვცა არ შეგვეჩერებინა ბანკის გახსნა და კიდევ უფრო წინ წავსულიყავით ციფრული შეთავაზებების თვალსაზრისით, რაც კოვიდის გათვალისწინებით არა მარტო ერთადერთი სწორი საოპერაციო მოდელია, არამედ ბევრ დამატებით შესაძლებლობასაც ქმნის. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებულად განვახორციელებთ ჩანაფიქრს გამოწვევების მიუხედავად.

თიბისი უზბეკეთში გეგმავს პირველ ეტაპზე საცალო დაკრედიტებაზე იმუშაოს, სამომავლოდ რას უნდა ელოდოს იქაური მომხმარებელი?

თავიდან ვიწყებთ სტანდარტული საბანკო მომსახურებით, რაც გულისხმობს შემდეგ მომსახურებასა და პროდუქტებს: ანგარიშების გახსნას, ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს და სადებეტო ბარათებს. რამდენიმე კვირაში ამოქმედდება კრედიტების გაცემა, კერძოდ სამომხმარებლო კრედიტები. შემდეგ იქნება იპოთეკური სესხი, სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო კრედიტის არეალს განვავითარებთ.  შემდეგი ეტაპი კი არის მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.  აქაც უფრო მეტად ციფრული სერვისები იქნება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი  და ისინი მორგებული იქნება  თანამედროვე თუ მომავლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

როდესაც უზბეკეთში გასვლის იდეა გაჩნდა, თიბისიში ამბობდით, რომ პირველადი ინვესტიციის მოცულობა $20-30 მილიონით იყო განსაზღვრული. დამატებით რა ინვესტიციებს ელოდებით?

დიახ, თიბისის მხრიდან ეს მოცულობა პირველ წელს არის დაახლოებით $20-30 მილიონი, თუმცა, ამავე რაოდენობის თანხა კიდევ იქნება ინვესტირებული თიბისის პოტენციური პარტნიორებისგან. ინტერესი აქვთ გამოთქმული ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს  (EBRD-ს) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) რომელიც მსოფლიო ბანკის შვილობილია. ასევე გვყავს ლოკალური პარტნიორი Uzbek-Oman Investment Company. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ წელზეა საუბარი და კიდევ დამატებით ველოდებით ინვესტიციების მოზიდვას.

როგორია თქვენი მოლოდინები წლის ბოლოსთვის? მომხმარებელთა რიცხვი, სასესხო პორტფელი..

ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება  არსებულ ვითარებაში, თან მაშინ, როდესაც სტარტაპს ვაყალიბებთ. თუმცა, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალოვადიან პერიოდში, ანუ დაახლოებით 3 წელიწადში ჩვენ  $700 მილიონიან პორტფელის მოლოდინი გვაქვს, რაც გრძელვადიან პერიოდში კიდევ გაიზრდება.

 

ჩვენ გირჩევთ

Amazon-ი თანამშრომლებს $150-დან $3000-მდე ბონუსს გადაუხდის

ევროკავშირი: „ვგმობთ თავდასხმებს გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ”

Amazon-ი თანამშრომლებს $150-დან $3000-მდე ბონუსს გადაუხდის

Amazon-ი თანამშრომლებს $150-დან $3000-მდე ბონუსს გადაუხდის

წინა სტატია

Elon Musk emails Tesla employees: ‘Breaking even is looking super tight’
30 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

BP-მ პეტროქიმიური მრეწველობის ბიზნესი $5 მილიარდად გაყიდა
01 ივლისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker