Nike-მა პატენტზე უფლების დარღვევის გამო New Balance-ს და Skechers-ს უჩივლა

Nike-მა პატენტზე უფლების დარღვევის გამო New Balance-ს და Skechers-ს უჩივლა

სპორტული ტანისამოსის მწარმოებელმა გიგანტმა Nike-მა პატენტზე უფლების დარღვევის ბრალდებით მისი კონკურენტების, New Balance-ისა და Skechers-ის წინააღმდეგ ფედერალური სარჩელი შეიტანა. Nike-ის მტკიცებით, კომპანიებმა სპორტული ფეხსაცმელების ზედა ნაწილების დამზადებისთვის მისი ტექნოლოგია გამოიყენეს.

ფედერალური სარჩელის თანახმად, New Balance-ისა და Skechers-ის რამდენიმე სპორტულ ფეხსაცმელში გამოყენებულია Nike-ის დაპატენტებული Flyknit-ის ტექნოლოგია, რომელსაც ბრენდი სარბენ, ფეხბურთისა და კალათბურთის ფეხსაცმელების დასამზადებლად იყენებს. ცნობისთვის, Nike-მა Flyknit-ის ტექნოლოგიაზე პატენტის უფლებების დარღვევისთვის ადრე Adidas-ს, Puma-სა და Lululemon-საც უჩივლა. Adidas-თან და Puma-თან დავა მოგვარებულია, თუმცა Lululemon-ის წინააღმდეგ საქმე კვლავ გრძელდება.

New Balance-ის განცხადებით, კომპანია „სრულად პატივს სცემს კონკურენტების ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს, თუმცა Nike-ი არ ფლობს ექსკლუზიურ უფლებას, შეიმუშაოს და აწარმოოს ფეხსაცმელი ტრადიციული წარმოების მეთოდებით, რომლებიც ინდუსტრიაში ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება“.

Nike-ის ვებგვერდის თანახმად, მისი Flyknit-ის ტექნოლოგია „მსუბუქი ზედა ნაწილების შესაქმნელად, რომელსაც გაჭიმვისა და სუნთქვის შესაძლებლობა აქვს, მაღალი სიმტკიცის ბოჭკოებს იყენებს“. როგორც სარჩელშია აღნიშნული, დაპატენტებული ტექნოლოგია ბრენდს მასალებისა და ნარჩენების ნაკლები რაოდენობით ფეხსაცმელების მაღალი ხარისხის ზედა ნაწილების შექმნის საშუალებას აძლევს.

Nike-ის სარჩელი პატენტზე უფლებების დარღვევის შესახებ ეხება New Balance-ის ისეთ მოდელებს, როგორიცაა Fresh Foam-ი, FuelCell-ი და Skechers-ის Ultra Flex-ისა და Glide Step-ის ბრენდებს. Nike-მა სასამართლოებს ზარალის ასანაზღაურებლად დაუზუსტებელი რაოდენობის თანხა მოსთხოვა, დამატებით კი ორდერი, რომელიც სამუდამოდ შეუზღუდავს New Balance-სა და Skechers-ს პატენტის უფლებების დარღვევას.