„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ დერბის უნივერსიტეტთან ნასყიდობის ხელშეკრულება დადო და 1876 წელს აშენებული ისტორიული კამპუსი შეისყიდა. შენობა, რომელშიც მანამდე ხელოვნების სკოლა იყო განთავსებული, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საკუთრებაში გადავიდა. კამპუსი საინტერესოა არქიტექტურული თვალსაზრისით. ნაგებობა გოთიკური სტილის არქიტექტურის ნიმუშია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. უფრო მეტი დეტალის გასაგებად Forbes Georgia „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“ დაუკავშირდა.
გთავაზობთ ინტერვიუს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით კერესელიძესთან.
რა გეგმები აქვს უნივერსიტეტს დიდ ბრიტანეთში?
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ 3000 სტუდენტიდან 85% უცხოელია, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. ხოლო საერთაშორისო სტუდენტთა მიღების ბოლო მონაცემებით, პირველ ადგილზე ბრიტანეთის მოქალაქე სტუდენტები არიან.
ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა მობილობა და საფრთხე შეუქმნა ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ქვეყნის გარეთ პირველი კამპუსი სწორედ დიდ ბრიტანეთში გაგვეხსნა.
უნივერსიტეტი ახალ კამპუსში გეგმავს საგანმანათლებლო სერვისებისა და სხვადასხვა პროგრამის კომპონენტების შეთავაზებას იმ სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც ბრიტანეთში ცხოვრება უფრო ხელსაყრელია. ამავე დროს, ის ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ქართველი და იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა. ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტებისთვის თუნდაც პროგრამის მცირე ნაწილის დერბის კამპუსში გატარება ღირებული გამოცდილების მომტანი იქნება.
როდის დაიწყება სწავლება და რა ფორმატში?
სხვადასხვა კომპონენტის განხორციელება ამ სემესტრიდან დაიწყება. ეს ეხება როგორც მედიცინის პროგრამისთვის მნიშვნელოვანი სიმულაციური ცენტრის გახსნას, ისე საგამოცდო სივრცეების მოწყობას, რაც თავიდან აგვარიდებს გამოცდების ონლაინ ჩატარების აუცილებლობას. ასევე, ენობრივი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, როგორც ჩვენს ამჟამინდელ, ისე მომავალ სტუდენტებს შევთავაზებთ ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამას. მომდევნო სემესტრიდან კი დავამატებთ ახალ სასწავლო მოდულებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
ახალი კამპუსი იქნება „ნიუ ვიჟენის“ ბრიტანული ფილიალი თუ მას სხვა პროფილი ექნება?
„ნიუ ვიჟენი“ გლობალური უნივერსიტეტია განათლებაში ინოვაციური მიდგომებით. უნივერსიტეტის ყველა აქტივობა პირდაპირ უკავშირდება საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. დერბის კამპუსი სრულად დაეთმობა და ხელს შეუწყობს ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კომპონენტის განხორციელებას. ის სწავლების ხარისხის შემდგომი განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა.
ეს იქნება „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ბრიტანული კამპუსი დერბიში – პირველი კამპუსი საქართველოს ფარგლებს გარეთ.
რა მიმართულებები იქნება ხელმისაწვდომი?
უნივერსიტეტი ხუთი სკოლის ბაზაზე (ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამართლის, პოლიტიკისა და დიპლომატიის, მედიცინისა და სტომატოლოგიის) ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. დერბის კამპუსში ეტაპობრივად დაიწყება საგანმანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კომპონენტის განხორციელება ბრიტანულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პრიორიტეტების თანაზომიერად.
ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ჩვენი მისიის ნაწილია. ჩვენ შევეცდებით, მნიშვნელოვნად შევამციროთ მაღალი ხარისხის განათლების მიღების ხარჯები და ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც ფართოდ ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ხომ არ იგეგმება უნივერსიტეტის გასვლა ქართული საგანმანათლებლო სივრციდან?
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ქართული უნივერსიტეტია. მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ქვეყანაში გავხსნით კამპუსს და განვახორციელებთ ჩვენი პროგრამების აკრედიტაციას მომავალში, გვინდა, რომ უნივერსიტეტი გლობალური განათლების ქართულ კერად დარჩეს.
ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, ხელი შევუწყოთ ქართული უნივერსიტეტების იმიჯის ამაღლებას ქვეყნის გარეთ და კურსდამთავრებულთა ძლიერი გლობალური ქსელით, გვჯერა, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.