ნოემბერში საქართველოს ექსპორტიც და იმპორტიც გაიზარდა

ნოემბერში საქართველოს ექსპორტიც და იმპორტიც გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში, 2015 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საქონლის იმპორტი 12%-ით (68 მლნ დოლარით), ხოლო ექსპორტი 17%-ით (31 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის ნოემბრის ექსპორტი გაზრდილია 2014 წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებითაც, თუმცა 95 მლნ დოლარით ჩამორჩება 2013 წლის ნოემბრის ექსპორტს.

2016 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 218.7 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 649.6 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 431 მლნ დოლარია, რაც 2015 წლის ნოემბრის უარყოფით ბალანსზე 9%-ით (37 მლნ დოლარით) მეტია.

იანვარ-ნოემბრის ჯამურ მაჩვენებელს რაც შეეხება, ექსპორტი 5%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 29%-ით არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.