ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს, მინი-სერიალ The Queen’s Gambit-ის ერთ-ერთი მონაკვეთის გამო უჩივის. გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. მოჭადრაკის ინტერესებს ქართული იურიდიული ფირმა BLB, ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.

Netflix-ის პოპულარული მინი-სერიალი The Queen’s Gambit-ი 1983 წელს დაწერილ ნოველას ეყრდნობა, რომელიც გამოგონილი მოჭადრაკის ბეთ ჰარმონის ისტორიას გვიყვება. სერიალის დასასრულს ჰარმონი, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, საბჭოთა კავშირის საუკეთესო მოთამაშეებს დაამარცხებს. სერიალის დასკვნითი ეპიზოდის მოქმედება 1960-იანი წლების მოსკოვში ვითარდება.

გაფრინდაშვილის საჩივარი სწორედ სერიალის ფინალს, კერძოდ კი მის შესახებ ამ მონაკვეთში გაჟღერებულ დეზინფორმაციას უკავშირდება. კომენტატორი მატჩის მსვლელობისას, რომელსაც გაფრინდაშვილის პერსონაჟიც ესწრება, ჰარმონის შესახებ შემდეგ ფრაზას ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის შესახებ მისი სქესია. თუმცა ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასდროს უთამაშია კაცის წინააღმდეგ“.

საჩივარში, რომელიც ქართველმა მოჭადრაკემ Netflix-ის წინააღმდეგ შეიტანა წერია, რომ ბრალდება იმის შესახებ, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცის წინააღმდეგ სიცრუეა, ამას გარდა კი, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წლისთვის, ანუ სიუჟეტის განვითარების პერიოდისთვის, მას უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 მოჭადრაკე მამაკაცთან, მათ შორის ათი დიდოსტატი იყო. სარჩელის მიხედვით Netflix-მა, სერიალის უფრო მეტი დრამატიზებისთვის, შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, თითქოს ჰარმონმა შეძლო ის, რაც სხვა მოჭადრაკე ქალს აქამდე არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება. ბრალდების მხარის მტკიცებით, სერიალში გაფრინდაშვილი რუს მოჭადრაკედ მოიხსენიეს მიუხედავად იმისა რომ კომპანია გაფრინდაშვილის ეროვნებისა და მათ შორის,  საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

გაფრინდაშვილის სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს წარედგინა კალიფორნიაში სასამართლოს. მოჭადრაკის ინტერესებს ქართული იურიდიული ფირმა BLB, ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.  სასამართლოში ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს კი ამერიკის ვიდენერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, როდნი სმოლა წარმოადგენს.

გაფრინდაშვილის საჩივარზე კომენტარი უკვე გააკეთა Netflix-მა. კომპანიის სპიკერის განცხადებით, ისინი ძალიან დიდ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სარჩელის არსიდან გამომდინარე სასამართლო დავის მოგებას ვარაუდობენ.