სკანდინავიურმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Norse Atlantic Airways-მა ანტარქტიდაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამოქალაქო თვითმფრინავით, Boeing 787-Dreamliner-ით ორმხრივი რეისი შეასრულა. ნორვეგიულმა ავიახაზებმა Boeing 787 Dreamliner-ი ანტარქტიდაზე, ტროლის ავიადრომზე დასვა. ორმხრივი ფრენა სამხრეთ აფრიკიდან, კეიპტაუნიდან ანტარქტიდის მიმართულებით საწვავის შევსების გარეშე შესრულდა.
Norse Atlantic Airways-ის ინფორმაციით, ბორტზე 45 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც ნორვეგიული პოლარული ინსტიტუტის მეცნიერები და სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრები იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, თვითმფრინავმა ანტარქტიდაზე 12 ტონა მოცულობის საკვლევი მასალები ჩაიტანა.
თანამედროვეობაში, ანტარქტიდაზე საჰაერო რეისები რუტინული პროცესი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენის განრიგი არ არსებობს, კვლევითი, სამხედრო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის იქ თვითმფრინავით საკმაოდ ხშირად ჩადიან.
შეიძლება ითქვას, რომ ანტარქტიდაზე მოხვედრილი ყველაზე დიდი ზომის თვითმფრინავი Hifly-ის მიერ 2021 წელს ოპერირებადი Airbus A340-300 გახლდათ. მისი სიგრძე და ფრთების განშლა მცირედით აღემატება Boeing 787-ის მონაცემებს.
სამოქალაქო თვითმფრინავების გარდა ანტარქტიდაზე სამხედრო აპარატებიც დაფრინავენ. კონტინენტზე სხვადასხვა დროს დამჯდარა ამერიკული C-17 Globemaster-ი, C-130 Hercules-ი, Lockheed P-3 Orion-ი და რუსული Ilyushin Il-76.