ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Nvidia-მ, გასული წლის მეოთხე ფისკალური კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები კომპანიის ანგარიშს განსაკუთრებული ინტერესით ელოდებოდნენ, რათა მის ფინანსურ შედეგებზე ჩინური DeepSeek-ის AI-მოდელის გავლენა შეეფასებინათ. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელის გამოჩენის შემდეგ, ერთ დღეში Nvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციის რეკორდული, $600-მილიარდიანი ვარდნა განიცადა.
რაც შეეხება ტექნოლოგიური გიგანტის შედეგებს, ანგარიშის თანახმად, გასული წლის მეოთხე ფისკალურ კვარტალში Nvidia-მ $39.3 მილიარდის შემოსავალი და $22.1 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო. კომპანიამ თითო აქციაზე $0.89 გამოიმუშავა. წლიურ ჭრილში შემოსავლის ზრდამ 78%, ხოლო წმინდა მოგების ზრდამ 71% შეადგინა. გასული წლის მთლიანმა შემოსავალმა $130.5 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 114%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამ შედეგებით Nvidia-მ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ანალიტიკოსები კომპანიის მიერ $38.1 მილიარდის შემოსავლის და $19.6 მილიარდის მოგების მიღებას პროგნოზირებდნენ, აქციაზე კი $0.85-ის გამომუშავებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს გრაფიკული პროცესორების მიმართულების (GPUs) გაყიდვებმა საანგარიშო პერიოდში $35.6 მილიარდი შეადგინა, ანალიტიკოსები კი $33.5 მილიარდს პროგნოზირებდნენ.
გასული კვარტალის ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად, კომპანიამ მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება. ტექნოლოგიური გიგანტი გაზაფხულის კვარტალში $43 მილიარდის შემოსავალს ელის.
ცნობისთვის, ერთდღიან ჭრილში Nvidia-ს აქციების ფასი 3.67%-ით არის გაზრდილი. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის $3.21 ტრილიონს შეადგენს. ამ შედეგით ის მხოლოდ Apple-ს ჩამორჩება ($3.61 ტრილიონი).