ჩიპების მწარმოებელმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანია Nvidia-მ 2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებლები ანალიტიკოსთა მოლოდინებს კვლავ აჭარბებს, გაყიდვების ზრდის ტემპი შენელებულია. ამან კი, შესაძლოა, ინვესტორებს სიფრთხილისკენ უბიძგოს.
შედეგები Nvidia-ს აქციების ღირებულებაზე უკვე აისახა – ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციათა ფასი 2.5%-ით შემცირდა.
მესამე კვარტალის შედეგების თანახმად, Nvidia-მ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გაყიდვების ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების ანალიტიკოსები კომპანიისგან მესამე კვარტალში $33.11 მილიარდის შემოსავლის მიღებას ვარაუდობდნენ, რეალურმა მაჩვენებელმა კი პროგნოზირებულზე 5.96%-ით მეტი, $35.08 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მეორე კვარტლის შედეგებზე 17%-ით, წინა წლის იმავე პერიოდის შედეგზე კი 94%-ით მეტია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა Nvidia-ს მონაცემთა ცენტრების შემოსავალი და მესამე კვარტალში $30.8 მილიარდი შეადგინა, რაც მეორე კვარტლის შედეგებს 17%-ით, წინა წლის მონაცემს კი 112%-ით აღემატება. კომპანიის მიერ გეიმინგისთვის განკუთვნილი ჩიპებისგან მიღებულმა შემოსავალმა $3.3 მილიარდი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მონაცემზე 14%-ით მეტია.