ოლეგ დერიპასკა ტინკოვს სასამართლოში უჩივის

ოლეგ დერიპასკა ტინკოვს სასამართლოში უჩივის

რუსი მაგნატი ოლეგ დერიპასკა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფინტეკ-კომპანიის, Tinkoff-ის დამფუძნებელს, ოლეგ ტინკოვს სასამართლოში უჩივის, – ამის შესახებ რუსული გამოცემა, Meduza წერს. თუმცა, როგორც ირკვევა, დერიპასკას სარჩელის მოპასუხედ მოხსენიებულია არამხოლოდ ოლეგ ტინკოვი, არამედ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Meta-ც.

ოლეგ დერიპასკას ადვოკატის, ალექსეი მელნიკოვის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოს იმ შეურაცხმყოფელი პოსტების გამო მიმართა, რომელთაც ოლეგ ტინკოვი სოციალურ ქსელებში ავრცელებდა – მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ოლეგ ტინკოვის მიერ გავრცელებული ცნობები ყალბია და ოლეგ დერიპასკას ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას ძირს უთხრის.

აღსანიშნავია, რომ მორალური და რეპუტაციული ზიანისთვის, დერიპასკა ტინკოვისგან 2 მილიარდ რუბლს ითხოვს, რაც დაახლოებით $32.8 მილიონს უდრის. საინტერესოა, რომ Meta-სგან დერიპასკა ფინანსურ კომპენსაციას არ ითხოვს – ოლიგარქს სურს, რომ სასამართლომ კომპანიას იმ ინფორმაციის წაშლა აიძულოს, რომელიც, მისი თქმით, „სიმართლეს არ შეესაბამება“.

ამ ეტაპზე უცნობია, სარჩელი ტინკოვის კონკრეტულად რომელ პოსტს ეხება. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ საქმე ტინკოვის მიერ, ჯერ კიდევ აპრილში, Instagram-ში დაწერილ კომენტარს ეხება, რომელშიც განაცხადა, რომ დერიპასკა „ოლიგარქი და ქურდია“, თავად კი კეთილსინდისიერი მეწარმე.

შეგახსენებთ, რომ ოლეგ დერიპასკა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია – Forbes-ის რეალურ დროში ცვლადი რეიტინგის მიხედვით, მისი ქონება $2.9 მილიარდადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერთა სიაში აღარ არის ოლეგ ტინკოვი, რომელიც წლებია, რაც მწვავე სიმსივნეს ებრძვის – ტინკოვის ქონება $600 მილიონადაა შეფასებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *