ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სტარტაპი, OpenAI ინვესტიციების ახალ რაუნდს ხსნის. Bloomberg News-ის ინფორმაციით, ახალი რაუნდის შესაბამისად, კომპანიის ღირებულება $100 მილიარდით განისაზღვრება. ბიზნესმედიის თანახმად, ახალი საინვეტიციო რაუნდის პირობები, ღირებულება და ვადები ჯერჯერობით განსაზღვრული არაა.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI აბუ-დაბიში დაფუძნებულ ტექკომპანია G42-თან ერთად ჩიპების ერთობლივი ქარხნის გასახსნელად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირი, თუმცა, არსებული ვარაუდით, OpenAI ინვესტიციის სახით G42-საგან 8-დან 10 მილიარდ დოლარამდე მიღებას გეგმავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, OpenAI სხვა სატენდერო შეთავაზებასაც განიხილავს, რომლის შემთხვევაშიც თანამშრომლებს კომპანიის აქციების გაყიდვა $86-მილიარდიანი შეფასებით შეეძლებათ. აღნიშნული შეთავაზება ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Thrive Capital-ისგან მიიღო.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში ინვესტირების ბოლოდროინდელი ტენდენცია Microsoft-მა OpenAI-ში $10-მილიარდიანი ინვესტიციის განთავსებით დაიწყო. 2022 წლის ნოემბერში ChatGPT-ის გამოსვლამ კი ინდუსტრიაში ინვესტირებაზე მოთხოვნა რამდენჯერმე გაზარდა.
ცნობისათვის, ბოლო, $300-მილიონიანი ინვესტიცია კომპანიამ $30-მილიარდიანი შეფასებისას მოიზიდა.