ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ადრინდელივით „დოლბის“ თეატრში გაიმართება, 2018 წლის შემდგომ პირველად, წამყვანი წარუძღვება. პანდემიის გავრცელების ტემპის ზრდიდან გამომდინარე სხვა დაჯილდოებების გადადების მიუხედავად, Walt Disney Co.-ს განცხადებით, 27 მარტს, ლოს-ანჯელესში, ცერემონიის ჩატარების გეგმები, კვლავ უცვლელი რჩება.
მიმდინარე წელს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონიას წამყვანიც ეყოლება. დამატებითი დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით ABC Entertainment-ის პრეზიდენტმა, კრეიგ ერვიჩმა არ გაამხილა. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი წელი ოსკარების ცერემონია წამყვანის გარეშე ტარდებოდა. 2021 წელს კი ტელევიზიით გადაცემის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე დაეცა.
ბრიტანელი მსახიობის, ტომ ჰოლანდის, ფანები იმედოვნებენ, რომ წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიას, Spider-Man: No Way Home-ის დიდი წარმატების შემდგომ, სწორედ ადამიანი-ობობას როლის შემსრულებელი, ზენდაიასთან ერთად წაიყვანს. თავად ჰოლანდი, ოსკარების დაჯილდოების წამყვანობის სურვილს გამოთქვამს და აცხადებს, რომ მსგავს შემოთავაზებას აუცილებლად დათანხმდებოდა. ოსკარების წამყვანების ამპლუაში ბოლო პერიოდში ჯიმი კიმელი, კრის როკი და ელენ დეჯენერესი მოგვევლინნენ.
ABC-ის განცხადებით, კინოაკადემიის 2022 წლის დაჯილდოება კვლავ ჰოლივუდის „დოლბის“ თეატრში გაიმართება. პანდემიის გამო, გასულ წელს, ცერემონია ისტორიულ Union Station-ზე გაიმართა. ოსკარის ნომინაციები 8 თებერვალს გამოცხადდება.