პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერმა მოჰამად შტაიემ და მისმა მთავრობამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. შტაიეს მიერ Facebook-ზე გაკეთებული განცხადების თანახმად, გადადგომა მან ჯერ კიდევ გასულ კვირას, პრეზიდენტ მუჰამედ აბასთან შეხვედრისას დააანონსა, ახლა კი გადაწყვეტილება აბასს წერილობითაც წარუდგინა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა აბასს „სიბრძნისა და მხარდაჭერისთვის“ და მისი გადადგომა რეფორმების აუცილებლობით ახსნა. შტაიეს განმარტებით, შემდეგი ეტაპი მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ წყობას, რომელიც ღაზის სექტორში არსებულ ახალ რეალობას ითვალისწინებს. პრემიერის გადაწყვეტილებას ახლა უკვე აბასის თანხმობა სჭირდება.
შტაიეს განცხადებითვე, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, პალესტინელთა შორის კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია. მან ასევე დაადანაშაულა ისრაელი „დასავლეთ სანაპიროზე უპრეცედენტო ესკალაციაში“ და ღაზის სექტორში მიმდინარე გენოციდში, მოსახლეობის იძულებით გადაადგილებასა და წარმოქმნილ შიმშილობაშიც.
შტაიეს გადადგომა აშშ-ის მხრიდან პალესტინის ხელისუფლებაზე ზეწოლასაც მოჰყვა. შტატები გადაუდებელ რეფორმებს მოითხოვდა და როგორც პალესტინელი, ასევე უცხოელი ძალების მხრიდან კორუფციის შემთხვევებსა და არადემოკრატიულ ქცევებზე ამახვილებდა ყურადღებას. აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამტკიცებენ, რომ ომის შემდგომ ღაზის მმართველობა პალესტინის ხელისუფლებას უნდა გადაეცეს.
Associated Press-ის ინფორმაციით, აბასი შტაიეს შემცვლელად პალესტინის საინვესტიციო ფონდის თავმჯდომარეს, მოჰამად მუსტაფას დაასახელებს.