პანდემიის პირობებში თურქეთს 4.5 მლნ ტურისტი ეწვია – ქართველი ვიზიტორების წილი 7.5%-ია

პანდემიის პირობებში თურქეთს 4.5 მლნ ტურისტი ეწვია – ქართველი ვიზიტორების წილი 7.5%-ია

თურქეთს 2020 წლის პირველ ნახევარში 4.5 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთში 18.07 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 75%-ით შეამცირა.

წელს, პირველ ნახევარში თურქეთში საქართველოდან ჩასული ტურისტების წილი 7.5%-ია, გერმანელების წილი 9.33%-ია, რუსების – 7.1%, ირანელები – 5%, ხოლო ბულგარელების – 9.35%.

ამასთან, მხოლოდ ივნისში ქვეყანაში 214 768 უცხოელი ტურისტი ჩავიდა, მაშინ როდესაც 2019 წლის ივნისში 5.3 მილიონი ვიზიტორი იყო.

რაც შეეხება ყველაზე ხშირად მონახულებად ქალაქებს, ამ რეიტინგში კვლავ სტამბოლი ლიდერობს, რომელზეც ტურისტების 53.7% მოდის. შემდეგ მოდის ედირნე, რომელიც ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვრებთან ახლოსაა, მესამე ადგილზე კი საზღვაო საკურორტო ქალაქი ანტალიაა – 9.8%-ით.

გასული წლის დეკემბერში ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, მთელი მსოფლიო ჩაიკეტა. შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა. გამონაკლისი არც თურქეთი ყოფილა. ქვეყანამ ტურისტული სეზონი გადაავადა, გააუქმა ყველა ღონისძიება და გამოფენა. ივნისში კი ეტაპობრივად დაიწყო საზღვრების გახსნა და ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაც, რაც ტურისტების სტატისტიკაზეც აისახა.