დამოუკიდებელმა მკვლევრებმა NordVPN-ის პაროლების მართვის ხელსაწყო NordPass-ის გამოყენებით, 2023 წელს ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლები გამოავლინეს. საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 20 ყველაზე გავრცელებული პაროლიდან 17-ის გატეხა წამზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, მათ შორის კი ისეთ მარტივ კომბინაციებს ვხვდებით, როგორიც „123456“ და „password“-ია.
ყველაზე მარტივი კომბინაციის პაროლები პოპულარობას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ზრდის მიუხედავადაც არ კარგავს. AAG-ის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წლის პირველ ნახევარში, ამერიკის შეერთებული შტატების 53 მილიონზე მეტი მოქალაქე კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. NordPass-ის კვლევის თანახმად, კიბერშეტევების 86%-ში მომხმარებელთა მოპარული მონაცემებია გამოყენებული, ონლაინ ანგარიშები, ელ. წერილები და პაროლები კი dark web-ში ყველაზე ხშირად გაყიდული ნივთების 20%-ს შეადგენს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პაროლი – „Admin“ – რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტოპ-200-შიც ვერ ხვდებოდა, წელს მეორე პოზიციაზე გადმოვიდა. კვლევის მიხედვით, პაროლების შექმნის ჩვევების გაუმჯობესების ნაცვლად, ინტერნეტის მომხმარებლები უკვე წინასწარ კონფიგურირებულ პაროლებს დაუბრუნდნენ, „Admin“ კი ერთ-ერთია, რომელსაც ისინი ხშირად ცვლიან. უკანასკნელი ხუთი წელია, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლების რეიტინგის პირველობას „123456“ არ თმობს. ხუთიდან ოთხ შემთხვევაში აღნიშნული კომბინაცია ყველაზე გავრცელებული პაროლია და საერთო ჯამში, 4.5 მილიონზე მეტჯერაა გამოყენებული.
პირველად კვლევის ისტორიაში ავტორებმა პაროლების გამოყენება კატეგორიზაციის მიხევდით წარმოგვიდგინეს. ელ. კომერციის საიტებისთვის, ელ.ფოსტის ანგარიშებისთვის, ელექტრონული მოწყობილობებისა და სტრიმინგსერვისებისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი პაროლი „123456“-ია, სოციალური პლატფორმებისთვის, ფინანსური ანგარიშებისა და სმარტფონებისთვის კი – “UNKNOWN”.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი მომხმარებლისთვის ასევე სახელებია. “Isabella” წელს ავსტრიაში მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი პაროლი იყო, “Katerina”-მ კი მე-11 ადგილი დაიკავა საბერძნეთში. სახელებისა და ნომრების კომბინაცია, როგორიცაა, მაგალითად. “Flores123” და “Kento123!”, შესაბამისად მექსიკასა და მალაიზიაში მეხუთე და მე-17 პოზიციებს იკავებს.
ქვეყნების მიხედვით საინტერესო ფაქტია, რომ გაერთიანებულ სამეფოში, ყველაზე პოპულარულ პაროლებს შორის მე-4, მე-6 და მე-10 პოზიციებზე საფეხბურთო კლუბები – „liverpool”. “arsenal” და “chelsea”-ია წარმოდგენილი. ჩინეთის 20 ყველაზე პოპულარული პაროლიდან 11 კი მხოლოდ ციფრებია. მეორე მხრივ კი ამერიკელებს უხეში სიტყვების გამოყენება უყვართ – მაგალითად მე-16 ადგილზე „shitbird“-ია.
2023 წელს ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლების ტოპ-20:
პაროლი | გასატეხად საჭირო დრო | გამოყენების შემთხვევები |
123456 | 1წმ-ზე ნაკლები | 4,524,867 |
admin | 1წმ-ზე ნაკლები | 4,008,850 |
12345678 | 1წმ-ზე ნაკლები | 1,371,152 |
123456789 | 1წმ-ზე ნაკლები | 1,213,047 |
1234 | 1წმ-ზე ნაკლები | 969,811 |
12345 | 1წმ-ზე ნაკლები | 728,414 |
Password | 1წმ-ზე ნაკლები | 710,321 |
123 | 1წმ-ზე ნაკლები | 528,086 |
Aa123456 | 1წმ-ზე ნაკლები | 319,725 |
1234567890 | 1წმ-ზე ნაკლები | 302,709 |
UNKNOWN | 17 წუთი | 240,377 |
1234567 | 1წმ-ზე ნაკლები | 234,187 |
123123 | 1წმ-ზე ნაკლები | 224,261 |
111111 | 1წმ-ზე ნაკლები | 191,392 |
Password | 1წმ-ზე ნაკლები | 177,725 |
12345678910 | 1წმ-ზე ნაკლები | 172,502 |
000000 | 1წმ-ზე ნაკლები | 168,653 |
admin123 | 11 წამი | 159,354 |
******** | 1წმ-ზე ნაკლები | 152,497 |
User | 1 წამი | 146,233 |
რჩევები პაროლის შექმნისას:
- რეგულარულად შეცვალეთ თქვენი პაროლი
- პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 20 სიმბოლოსგან და შეიცავდეს: ციფრებს, დიდ და პატარა ასოებს, სპეციალურ სიმბოლოებს
- თავი შეიკავეთ ისეთი ინფორმაციის გამოყენებისგან, როგორიცაა დაბადების დღეები, სახელები ან გავრცელებული სიტყვები
- არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა საიტებისთვის
- შეძლებისდაგვარად ხშირად გამოიყენეთ ალტერნატივები: თითის ანაბეჭდი, სახის სკანირება და ა.შ.