აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა ქვეყნის წინაშე არსებულ ახალ, ეროვნული უსაფრთხოების საშიშროებაზე ინფორმაცია გაავრცელა. მან, დაშიფრული განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საკითხის დეკლასიფიცირებისკენ მოუწოდა, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა.
„მე ვთავაზობ პრეზიდენტ ბაიდენს, აღნიშნულ საფრთხესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განასაიდუმლოს, რათა კონგრესმა, ადმინისტრაციამ და პარტნიორებმა შესაბამისი ზომების მიღების შესახებ ღიად ვიმსჯელოთ“, – ნათქვამია მაიკ ტერნერის განცხადებაში.
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ახსენა, რომ საფრთხე უცხოური სამხედრო შესაძლებლობებიდან მოდის და დესტაბილიზაციის უნარი შესწევს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც კაპიტოლიუმიდან წყაროს ეფუძნება, საუბარია რუსეთის სურვილზე კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით. პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ Soyuz-2-1v-ტიპის რაკეტით, რომელიც გადამზიდი დანიშნულებით გამოიყენება, კოსმოსში ბირთვული მუხტი გაიტანა.
სფეროს ანალიტიკოსების, სამხედრო ექსპერტებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტების მოსაზრებებით, რუსეთის ქმედებამ მსოფლიოში შესაძლოა ახალი ცივი ომის დაწყება განაპირობოს.
9 თებერვალს რუსეთის მიერ კოსმოსში გაგზავნილ სამხედრო ტვირთთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, პლესეცკის კოსმოდრომიდან გაშვებული Soyuz-2-1v-ტიპის რაკეტამ კოსმოსში სამინისტროს ტვირთი წაიღო. ცნობისთვის, იმავე ტიპის რაკეტა კოსმოსში რუსეთმა ბოლოს გასული წლის 27 დეკემბერს გაუშვა.
საინტერესოა, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაციის დეკლასიფიცირების გადაწყვეტილებას და დაიწყება თუ არა საკითხთან დაკავშირებით საჯარო მსჯელობა.