ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ და სამხედრო კონტრაქტორმა Lockheed Martin-მა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 375 ერთეული სტელს გამანადგურებლის, F-35-ის წარმოებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება მხარეებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კონტრაქტის ღირებულება 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, ინფლაციისა და წარმოების ტემპების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს.
შეთანხმება თითოეული სტელს გამანადგურებლის ღირებულების დაზუსტების შემდეგ რამდენიმე კვირაში საბოლოოდ დაიხურება. საინტერესოა, რომ 2007 წელს გამანადგურებლის პირველად წარმოებისას, მისი ღირებულება 221 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით კი, ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, მეხუთე თაობის სტელს გამანადგურებლის ფასი 79 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
პენტაგონის განმარტებით, F-35-ების ზუსტი რაოდენობა კონგრესის მიერ 2023 ფისკალური წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, შესაძლოა, მცირედით შეიცვალოს.
ცნობისთვის, პენტაგონსა და Lockheed Martin-ს შორის F-35-ების წარმოებაზე წინა სამწლიანი შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა და 478 ერთეული სტელს გამანადგურებლის დამზადებას ითვალისწინებდა.
მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლის შეძენის მსურველი საკმაოდ ბევრია. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად თურქეთიც განიხილებოდა. თუმცა, რუსული S-400-ების შეძენასთან დაკავშირებული კარგად ნაცნობი გარემოებების გამო, აშშ-მა თურქეთი F-35-ების პროგრამიდან ამოიღო. ამჟამად F-35-ების პოტენციურ მომხმარებლებს შორის საბერძნეთი და ჩეხეთი არიან.