ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებლის, ალბერტ ბურლას განცხადებით, კოვიდ-19-ის საწაინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის ბოლო ფაზა შეიძლება ოქტომბერშიც კი დასრულდეს. ამის შესხებ CNBC წერს. ივლისში დაწყებული მესამე და საბოლოო ეტაპში მონაწილეობას ამ დროისთვის 23,000 მოხალისე იღებს. Pfizer-ი იმედოვნებს, რომ ეს რიცხვი 30,000-მდეც გაიზრდება. ამასთან, კლინიკური გამოცდის საბოლოო ეტაპზე მოხალისეთა ასაკი 18-დან 85 წლამდე უნდა მერყეობდეს.
“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ოქტომბერში ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად საკმარისი ინფორმაცია გვექნება”, – აცხადებს ალბერტ ბურლა.
შეგახსენებთ, Pfizer-ის ვაქცინა იმ 3 ვაქცინას შორისაა, რომლებიც აშშ-ის დაფინანსებით უკვე კლინიკური კვლევის მესამე ფაზაზეა. Pfizer-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია BioNTech-თან ერთად მუშაობს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოცდა წარმატებით დასრულდა, 2020 წლის ბოლოსთვის, Pfizer-ი 100 მილიონი დოზა ვაქცინის დისტრიბუციას გეგმავს, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის 1.3 მილიარდის.