CNBC-ის ინფორმაციით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ გამოცდას მცირეწლოვნებზე იწყებს – სატესტო იმუნიზაციაში 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვები ჩაერთვებიან.
კვლევის ფარგლებში კომპანია კვლავ გერმანულ BioNTech-თან ითანამშრომლებს – ამჟამინდელ ცნობებზე დაყრდნობით, რამდენიმე ცდისპირმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო; ზოგადი გეგმის მიხედვით კი კვლევის პირველ ფაზაში ის 144 ბავშვი იქნება ჩართული, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებათ.
ცდის პირველი ფაზის მიზანი სამად დაყოფილი ასაკობრივი კატეგორიისათვის შესაბამისი ვაქცინის დოზის დადგენაა – 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებისთვის, 2-დან 5-წლამდე და 5-დან 11-მდე.
„Pfizer-ს დიდი გამოცდილება აქვს ვაქცინების ჩვილებსა და ბავშვებზე დატესტვის მიმართულებით. კლინიკური ცდები ყურადღებითაა დაგეგმილი და გათვლილია არასრულწლოვანთა ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე”, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ინფექციური დაავადებების ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბავშვების აცრა პანდემიის დასასრულებლად უმნიშვნელოვანესია მთელ მსოფლიოსა და, მათ შორის, საკუთრივ აშშ-ში, რომლის მოსახლეობის 20%-ზე მეტს სწორედ არასრულწლოვნები შეადგენენ.
გარდა Pfizer-ისა, 16 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 წლამდე ბავშვების იმუნიზაციაში ჩართვა Moderna-მაც დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია. მისი მასობრივი გამოყენება პირველად გაერთიანებულმა სამეფომ დაიწყო და 8 დეკემბერს პირველი მოქალაქე აცრა, მოგვიანებით ვაქცინამ ავტორიზაცია აშშ-შიც გაიარა, 25 მარტს კი საქართველომ მისი 29 250 დოზა მიიღო.