თურქეთის ფეხსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელი რუსეთში სპორტული ბრენდის, Reebok-ის კუთვნილი მაღაზიების შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. განცხადება FLO Mağazacılık-ის თავმჯდომარემ ორშაბათს გააკეთა.
რუსული Kommersant-ი FLO-სთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კომპანიებს შორის გარიგება უკვე დასრულდა და რუსეთში Reebok-ის 100-ზე მეტი მაღაზია თურქული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა. Kommersant-ის ინფორმაციით, გარიგება 1,5 მილიარდ რუბლადაა ($24,8 მილიონი) შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საკუთარი მაღაზიის არარსებობისა, ამჟამად თურქული FLO რუსეთში საბითუმო გაყიდვებს ახორციელებს.
თურქული კომპანიის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, Reebok-თან შეთანხმება „ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებების ეტაპზეა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა“. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, FLO-ს განცხადებით, კომპანია თურქული მთავრობის პოლიტიკას ემორჩილება და ვინაიდან თურქეთის მხრიდან რუსეთისთვის ემბარგო ჯერ არ დაწესებულა, რუსეთში საქმიანობის გაგრძელებას თურქული მხარის აკრძალვამდე განაგრძობენ.
რაც შეეხება Reebook-ს, სპორტულმა ბრენდმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, რუსეთში ყველა ბრენდირებული მაღაზიის მუშაობა, ისევე როგორც ელექტრონული კომერციის ოპერაციები, შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული საომარი ქმედებების შემდგომ, რუსეთიდან გასვლა არაერთმა ცნობილმა ბრენდმა გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა McDonald’s-მა რუსეთში საკუთარი ბიზნესის გაყიდვისა და ქვეყნიდან საბოლოოდ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.