ფინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში არსებული ხელოვნების ნიმუშებით დატვირთული სამი ფურგონი დააკავეს.
აღნიშნული კოლექცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ევროპის წამყვან მუზეუმებში დროებით გამოსაფენად იყო გაგზავნილი. კოლექცია ერმიტაჟის მუზეუმის უიშვიათეს და ძვირადღირებულ ფერწერულ ნიმუშებს მოიცავს.
საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის განცხადებით, საზღვარზე წარმოქმნილი პრობლემა პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებულ სანქციებთან და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების გავლაა საჭირო.
Forbes-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, საზღვარზე დაკავებული კოლექცია მოიცავს იმ ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც გამოფენილი იყო ვენეციისა და მილანის გალერეებში.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე პარიზში გამოფენილი იყო ერმიტაჟისა და ტრეტიაკოვის გალერეის მფლობელობაში არსებული 200-მდე ხელოვნების ნიმუში, მათ შორის, ვან გოგის, მანეს, მონეს, პისაროს და როდენის ნამუშევრები. აღნიშნული კოლექციის საკითხზე რუსეთისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის შეთანხმება ჯერაც არ მიღწეულა და უცნობია, სანქციების ფონზე, როდის ან როგორ შეძლებს რუსეთის ფედერაცია ამ კოლექციის დაბრუნებას.