ფულის გათეთრების ინსპექტირება - 2018 წელს სებ-მა ბანკები 0.6 მლნ ლარით დააჯარიმა

ფულის გათეთრების ინსპექტირება - 2018 წელს სებ-მა ბანკები 0.6 მლნ ლარით დააჯარიმა

ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო დოკუმენტის შესაბამისად, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 6 კომერციული ბანკი შეამოწმა. დაკისრებულმა საჯარიმო სანქციებმა კი ჯამურად 596 000 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს ასევე განხორციელდა 38 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადგილზე ინსპექტირება. დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 748 300 ლარი შეადგინა, ამასთან, ერთ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია.

წლის განმავლობაში ასევე განხორციელდა 4 საბროკერო კომპანიის და 4 რეგისტრატორის შემოწმება, სადაც დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 107 500 ლარი შეადგინა.

სებ-ში განმარტავენ, რომ ადგილზე შემოწმებისას აქცენტი გაკეთდა შემდეგი თემების შესწავლაზე: კლიენტების რისკის მიხედვით კლასიფიკაციის პროცესი და რისკის შესაბამისი due diligence ზომები; რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენის პროცესი; პოლიტიკურად აქტიურ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების შესრულების პროცესის ეფექტურობა; გარიგებების შესახებ ფინანსური ინსტიტუტის ცოდნა, მათ შორის, გზავნილის სისტემით განხორციელებული ტრანზაქციების რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა; საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობა; პროგრამული უზრუნველყოფის ადეკვატურობა, სასწავლო პროცესის ეფექტურობა და სხვ.

ამასთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს მოთხოვნების გამოვლენილი დარღვევებისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ათი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სამი კომერციული ბანკი, ჯამურად რამდენიმე ასეული ათასი ლარით დააჯარიმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *