როგორ აქცია ჯიმი ბაფეტმა წყნარი ვაიბი და ტროპიკული როკის ჰიმნები ათნიშნა ფინანსურ და ლაიფსტაილიმპერიად?
ჯიმი ბაფეტისთვის ყოველი დღე დასვენებაა. 2022 წლის დეკემბერში, როდესაც Forbes-ი მომღერალ-კომპოზიტორს შეხვდა, ის ბაჰამის კუნძულებიდან ახალი დაბრუნებული იყო. ჯიმი მალევე გაემგზავრება სენტ-ბარტსში, კარიბის ზღვის სამოთხეში, სადაც უკვე 30 წელია, სახლი აქვს. „ჩვენ ამ პატარა კლდეზე წასულ-წამოსული ყველანაირი გართობის მომსწრენი გავხდით“, – ამბობს ბაფეტი.
მისი სამუშაო დღეები ამავდროულად შეიძლება დასვენების დროც იყოს. 76 წლის ბაფეტმა კარიერა – და ათნიშნა სიმდიდრე – უდარდელი კუნძულის ატმოსფეროს ჰიტ-სიმღერებად, მერჩენდაიზად, რესტორნების ქსელად, კურორტებად, მათ შორის დახურულ დასახლებებად გადაქცევით ააშენა. მზეზე გატარებულმა ხუთმა ათწლეულმა შედეგი გამოიღო: Forbes-ის შეფასებით, ბაფეტის ამჟამინდელი ქონება $1 მილიარდს შეადგენს. (მან უარი თქვა მისი სიმდიდრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.)
ფართი 1970-იანი წლების დადგომისას დაიწყო, როდესაც ბაფეტი დაეშვა კი-ვესტში, ფლორიდაში, ახალბედა ქანთრი-მუსიკოსის როლში ნეშვილში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ. „ბრენდის ან რაიმეს ფლობის იდეა აზრად არ მომსვლია, სანამ კი-ვესტში არ მოვხვდი“, – განუცხადა ბაფეტმა Forbes-ს დეკემბერში. ქვიშის ამ პატარა ნაგლეჯზე, ჰავანიდან სულ რაღაც 100 მილის დაშორებით, ის უკრავდა ადგილობრივ კლუბებში და თანდათან აყალიბებდა თავის საფირმო ტროპიკულ როკ-ჟღერადობას, აერთიანებდა რა ფოლკს, კალიფსოს, როკსა და პოპს ახალი ჟანრის შესაქმნელად.
ჰიტმა Margaritaville-მა პლაჟის მშვიდი მელოდიებით, 1977 წლის ალბომიდან – Changes in Latitudes, Changes in Attitudes – მას სახელი მოუტანა. იმ წელს LP-მ პლატინის სტატუსი მიიღო და Margaritaville-ი გახდა მისი ერთგული თაყვანისმცემლების ჰიმნი, რომლებიც საკუთარ თავს Parrotheads-ს უწოდებდნენ. 1984 წელს ლუდ Corona-სთან დადებულმა სალიცენზიო შეთანხმებამ გამოაცოცხლა მისი რადიოეთერი და სულ რაღაც ოთხ წელიწადში „ლაგერის“ ბრენდის იმპორტირებული ლუდის ბაზრის წილი 2%-დან 17%-მდე გაზარდა.
პოპულარობის ზრდასთან ერთად, ბაფეტი სულ უფრო ხშირად ამჩნევდა მაისურებს კი-ვესტის სავაჭრო მაღაზიებში, რომლებიც მისი თანხმობის გარეშე იყიდებოდა და მისი სახელი ხშირად შეცდომით ეწერა, როგორც „Buffet“. მას სურდა, ჰქონოდა თავისი პირადი ბრენდი, რისთვისაც ის 1985 წლის კი-ვესტში Margaritaville-ის მაისურების პირველი მაღაზიის გასახსნელად დიდი ხნის მეგობარ დონა „სანშაინ“ სმიტთან გაერთიანდა.
„თუ ხელოვანი ხარ, თუ გსურს შენი ცხოვრების გაკონტროლება… მაშინ ბიზნესმენიც უნდა იყო, მოგწონთ ეს თუ არა, – განუცხადა ბაფეტმა Forbes-ს 1994 წელს. – ასე რომ, ბიზნესმენი მხატვრად ჩამოყალიბდა“.
ამ ერთმა მაღაზიამ ის საბოლოოდ მიიყვანა იმპერიამდე, რომელიც მოიცავს ბესტსელერ რომანებს (როგორიცაა 1989 წლის Tales from Margaritaville-ი), ბროდვეის მიუზიკლს, Mailboat Records-ლეიბლს და ინტერნეტრადიოსადგურს. სამი ათეული წლის წინ ის შეხვდა ჯონ კოჰლანს – ყოფილ ფინანსურ აღმასრულებელს, რომლის ფირმამ ინვესტიცია მოახდინა სწრაფი კვების ქსელებში. კოჰლანი მოგვიანებით გახდა Margaritaville Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორი და შექმნა საწარმო, რომელიც დღეს ფართო გლობალური ლიცენზირების ოპერაციაა, და რომელმაც 2022 წელს $2.2 მილიარდის გაყიდვები მოიტანა – ბაფეტის $400 მილიონის (შეფას. გაყიდვების) ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის ჩათვლით – კომპანიასთან დაახლოებული წყაროს მიხედვით.
Margaritaville-ის ბრენდი მოიცავს 30-ზე მეტ დასასვენებელ კურორტს მიმოფანტულს მანჰეტენიდან და პალმ-სპრინგსიდან დომინიკის რესპუბლიკასა და მექსიკამდე. არსებობს როგორც ცალკე მდებარე, ასევე აშშ-სა და კარიბის ზღვის ქვეყნების კურორტებზე არსებული 150 რესტორანი ბაფეტის თემაზე, რომლებიც ამზადებენ „Who’s to Blame“-ის მარგარიტებსა და Jimmy’s Jammin’ Jambalaya-ს. არის კაზინოები ლუიზიანასა და პუერტო-რიკოში, Margaritaville-ის ტანსაცმლისა და გაყინული სასმელების მიქსები, აუზების ფლოტები და პიკლბოლის სეტები. ამასთანავე, არსებობს ცალკეული ალკოჰოლური პარტნიორობებიც: ლუდი Landshark-ი და ტროპიკული პუნში (AB InBev-თან ერთად), Margaritaville-ის ტეკილა და, რა თქმა უნდა, მზა სასმელი მარგარიტები და კოქტეილები (ორივე Sazeracთან ერთად).
მისი უახლესი წამოწყებები გვპირდება კიდევ უფრო მეტ 24/7 ბაფეტის გართობას: კარიბის ზღვის აუზის ორდღიანი, სამდღიანი კრუიზები („Margaritaville-ი ზღვაში”) გთავაზობთ დასვენებას ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინაში მდებარე საცხოვრებელი დასახლებებიდან, რომლებსაც ათასობით ბუმერ-Parrotheads-ი დღეს სახლს უწოდებს. Forbes-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბაფეტი ფლობს 28%-იან წილს ლიცენზირების კომპანიაში, რომელიც შეფასებულია $180 მილიონად, დამატებით $60 მილიონს იღებს ტეკილასა და ლუდის ბიზნესიდან. მისი დანარჩენი ქონება შეადგენს დაახლოებით $570 მილიონს, რომელიც შეგროვდა მთელი ცხოვრების მანძილზე გასტროლებისა და ჩანაწერების გაყიდვით, $50 მილიონად შეფასებული მუსიკალური კატალოგით და $140-მილიონიანი ექვსი სახლის, ოთხი თვითმფრინავისა და იახტის, და უორენ ბაფეტის (მიუხედავად ჭორებისა, ნათესაური კავშირების გარეშე) მართულ საინვესტიციო კონგლომერატ Berkshire Hathaway-ის აქციების კოლექციით. ცუდი შედეგი არაა პასკაგოლაში, მისისიპიში, მეკიბორჩხალეებისა და გემის კაპიტნების ოჯახში დაბადებულისთვის, რომელმაც ადრეული ზრდასრული ასაკი, კოლეჯში სწავლის დრო ქუჩის პერფორმანსების მოწყობაში გაატარა და ცოტახანს მუსიკალური ინდუსტრიის ბიბლიაში, Billboard-ში მუშაობდა.
მისმა დიდმა წარმატებამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ომაჰელ ბაფეტზეც კი, მსოფლიოში სიმდიდრით მეხუთე ადამიანსა და ძველ მეგობარზე. „მე ვისურვებდი, რომ მეტი ჯიმი ბაფეტი ყოფილიყო, მაგრამ არ არის, – უთხრა უორენ ბაფეტმა Forbes-ს. – ჯიმის უთხარით, რომ თავის ანდერძში დამტოვოს!”