პოლ მაკარტნი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით Beatles-ის „ბოლო“ სიმღერას გამოუშვებს

პოლ მაკარტნი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით Beatles-ის „ბოლო“ სიმღერას გამოუშვებს

BBC Radio 4-ის გადაცემა Today-სთან ინტერვიუში ლეგენდარულმა მუსიკოსმა და Beatles-ის ყოფილმა სოლისტმა პოლ მაკარტნიმ, მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაზე ისაუბრა. ინტერვიუსას, მაკარტნის AI-ის საშუალებით მისი ხმის გაახალგაზრდავებასა და ჯგუფის გარდაცვლილი წევრების, ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ხმების გაცოცხლებაზე ჰკითხეს.

მაკარტნის ინფორმაციით, სწორედ ტექნოლოგიების წყალობით, უახლოეს მომავალში Beatles-ის „ახალი“ მელოდიის გამოშვება იგეგმება. „როდესაც საქმე Beatles-ის ბოლო ჩანაწერზე მიდგა – ეს იყო დემო-ვერსია, რომელზედაც ჯონთან ვმუშაობდით, საბოლოოდ ახლახან დავასრულეთ და ის მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჩვენ შევძელით ჯონის ხმის ამოღება და სუფთა სახით მიღება და გამოყენება ისე, როგორც ჩვეულებრივ ვახერხებთ ხოლმე“, – განაცხადა მუსიკოსმა BBC Radio 4-თან ინტერვიუსას.

მიუხედავად ინტერნეტის იშვიათი გამოყენებისა, მაკარტნის განცხადებით, მან იცის, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ლენონის ხმის გაცოცხლებაც შესაძლებელია – რაც ერთდროულად კარგი, თუმცა საშიშიცაა.

მუსიკოსის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ჯონ ლენონის ხმა 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური სერიალიდან, „The Beatles: Get Back“-დან მიიღეს. პიტერ ჯექსონის რეჟისორობით გადაღებული სატელევიზიო შოუ Beatles-ის 1970 წლის ალბომის, „Let It Be“-ის შექმნას უკავშირდება.