პუტინი: რუსეთი მზადაა მოკავშირეების შესაიარაღებლად

პუტინი: რუსეთი მზადაა მოკავშირეების შესაიარაღებლად

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვისთვის ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებთან მოკავშირეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც რუსეთი მზადაა, პარტნიორებს თანამედროვე შეიარაღება შესთავაზოს.

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე თანამედროვე სახის იარაღი მივაწოდოთ, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები, საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო ავიაცია თუ უპილოტო საფრენი აპარატები“, – ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა მოსკოვთან ახლოს გამართული შეიარაღების ფორუმის, „Army-2022“-ის გახსნით ცერემონიაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტი ზემოთ აღნიშნული რეგიონების ცალკეულ სახელმწიფოებთან სამხედრო-ინდუსტრიულ თანამშრომლობას მოელის. მისი განმარტებით, ის ამ ქვეყნებს მაღალი სიზუსტის შეიარაღებასა და ავტომატიზებულ სამხედრო ტექნიკას სთავაზობს.

„მათი (შეიარაღების) უმეტესობა რამდენიმე წლით, შესაძლოა ათწლეულებითაც კი წინ არის უცხოურ ანალოგებზე, რაც შეეხება ტაქტიკურ და ტექნიკურ მახასიათებლებს, რუსული შეიარაღება დასავლურს ერთმნიშვნელოვნად ჯაბნის“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთი აშშ-ის შემდეგ შეიარაღების მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ქვეყანა ყოველწლიურად სხვადასხვა სახელმწიფოს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღებას აწვდის, ეს კი იარაღის გლობალური ექსპორტის თითქმის 20%-ს შეადგენს. საინტერესოა, რომ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2017-დან 2021 წლამდე რუსული შეიარაღების ექსპორტის 73% მხოლოდ ოთხ ქვეყანაზე – ინდოეთზე, ჩინეთზე, ეგვიპტესა და ალჟირზე მოდიოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *