ირანში რუსეთის, ბელარუსისა და სომხეთის მონაწილეობით სამხედრო დრონების ტურნირი მიმდინარეობს

ირანში რუსეთის, ბელარუსისა და სომხეთის მონაწილეობით სამხედრო დრონების ტურნირი მიმდინარეობს

ცენტრალურ ირანში რუსეთის, ბელარუსისა და სომხეთის მონაწილეობით სამხედრო დრონების ჩემპიონატი მიმდინარეობს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტურნირს ოთხი ქვეყნის უამრავი წარმომადგენელი ესწრება, ჟიური კი ამავე სახელმწიფოების დელეგაციებითაა დაკომპლექტებული.

„Falcon Hunting“-ის უპილოტო საფრენი აპარატების ყოველწლიურ ჩემპიონატს მიმდინარე წელს ირანი მასპინძლობს. უფრო კონკრეტულად, ტურნირის ნომინალური მასპინძელი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საავიაციო დანაყოფია. ჩემპიონატს საფუძველი 2015 წელს რუსეთში ჩაეყარა და ის ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სამხედრო შეჯიბრის გამართვას ითვალისწინებს.

ირანის ელიტური დანაყოფის პრესსპიკერის განმარტებით, ქვეყნები ჩემპიონატზე ერთმანეთს უპილოტო საფრენი აპარატების დღითა და ღამით მართვაში, მათ გამძლეობასა და სიზუსტეში შეეჯიბრებიან. გარდა ამისა, შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი დრონის მიერ საარტილერიო ცეცხლის კორექტირების შესაძლებლობის განსაზღვრა იქნება.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ამირ ალი ჰაჯიზადეჰის მრჩევლის განმარტებით, აღნიშნული ტურნირის ჩატარების მიზანი მშვიდობისა და მეგობრობის მესიჯის გავრცელებაა. გარდა ამისა, ტურნირი გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში ირანის ისლამური რესპუბლიკისა და სხვა სახელმწიფოების თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

გარდა უპილოტო საფრენი აპარატების შეჯიბრისა, ირანში წელს აღნიშნული ტურნირის ფარგლებში კიდევ ორი სხვა დისციპლინა გაიმართება. ზემოთ აღნიშნული სახელმწიფოები ირანში ერთმანეთს დაივინგსა და დამიზნებით სროლაშიც შეეჯიბრებიან.