ვლადიმირ პუტინის განცხადებით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხელახალი არჩევა, რომელსაც ის „ძველი სკოლის პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რუსეთისთვის უკეთესი იქნება, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის. ტრამპი, თავის მხრივ, NATO-ს წევრებს ემუქრება, რომ წააქეზებს რუსეთის აგრესიას მათ წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავდაცვაზე ხარჯებს არ გაზრდიან.
რუსი სატელევიზიო ინტერვიუერის კითხვაზე, თუ რომელი იქნება მათი ქვეყნისთვის უკეთესი არჩევანი, ტრამპი თუ ბაიდენი, პუტინმა უპასუხა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი „ბევრად უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია“. თუმცა დასძინა, რომ რუსეთი „იმუშავებს აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა“. რუსული სატელევიზიო არხის გარდა პუტინის კომენტარი გაავრცელა Politico-მაც. 71 წლის პუტინმა ასევე თქვა, რომ ბაიდენის ასაკი – 81 წელი – მას „შრომისუუნაროდ“ არ აქცევს სამუშაოს შესრულებისას.
პუტინმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბაიდენმა განაცხადა, რომ „ამერიკა, არავის და მითუმეტეს არც ვლადიმირ პუტინის წინაშე ქედს არ მოიხრის“. პრეზიდენტმა ტრამპი გააკრიტიკა NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის აგრესიის წაქეზებისთვის.
გასულ კვირას პუტინმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, დასავლელ ჟურნალისტს ინტერვიუც მისცა. Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ორსაათიან საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ისტორიული პრეტენზია აქვს დასავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე. რუსულ მედიასთან პუტინმა აღნიშნული ინტერვიუც შეაფასა და განაცხადა, რომ მისგან დიდი სიამოვნება არ მიუღია, რადგან ბევრად უფრო აგრესიულ და რთულ კითხვებს ელოდა.