უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს დირექტორის განცხადებით, უკან გაქცეული რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში დატოვებული დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყნის მთლიანად დაპყრობა სურდა. ამას სუმის ოლქში ჩატარებული გამოძიება ადასტურებს.
კიევიდან 350 კილომეტრით დაშორებული ქალაქი ტროსტიანეცი უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით ერთთვიანი ოკუპაციის შემდეგ, მარტის ბოლოსთვის გაათავისუფლეს. რუსი სამხედროების მიერ იქ დატოვებული დოკუმენტების გამოკვლევით კი ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა.
„გამომძიებლებმა იპოვეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროების დოკუმენტაცია, რომელიც ძალიან გასაგებად ადასტურებს იმას, რომ რუსეთს უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავება სურდა“, – განაცხადა უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს დირექტორმა, ოლექსი სუხაჩევმა.
მისი ინფორმაციით, უკრაინელებმა ქალაქის გათავისუფლების შემდეგ დაახლოებით 2,000 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიკვლიეს. გარდა დოკუმენტებისა, გამომძიებლებმა შენობებში დიდი რაოდენობით ნაღმებსაც მიაკვლიეს. მათ ასევე დაადასტურეს, რომ 300-მდე შენობა აღდგენას არ ექვემდებარება.
უკრაინელი გამომძიებლების მიერ მიკვლეულმა დოკუმენტებმა კიდევ უფრო დაარწმუნა საზოგადოება, რომ დასავლელი ოფიციალური პირების მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეალური განზრახვების შესახებ გავრცელებული განცხადებები ჭეშმარიტებას შეესაბამება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.