უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთი პოზიციების გამყარებას კოსმოსშიც ცდილობს. ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, წელს მთვარეზე მისია განხორციელდება, რომლის მიზანიც, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე ლენდერის დასმაა.
”წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ კოსმოსური კვლევების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ჩვენ აღვადგენთ მთვარის პროგრამას“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომზე ვიზიტისას.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას „შემდეგი თაობის კოსმოსურ ხომალდზე“, ისევე როგორც ბირთვულ კოსმოსურ ტექნოლოგიაზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი Luna 25-ის სახელწოდებით ცნობილი მისიის ფარგლებში მთვარეზე დასაჯდომი მოდულის გაშვებას ზაფხულში, კერძოდ კი 22 აგვისტოს იმედოვნებს. როგორც ცნობილია, კოსმოსში აპარატს „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომიდან რაკეტა Soyuz-2.1b-ის დახმარებით გაგზავნიან. მისიის ხანგრძლივობა ერთი წლით არის განსაზღვრული.
პროექტი ამავე სახელწოდების საბჭოთა კოსმოსური პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს. მისი განხორციელება გასული ათწლეულის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა ის არაერთხელ შეფერხდა. Luna 25-ის გაშვების თარიღად, თავდაპირველად, 2016 წელი იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ მისიის განხორციელება ჯერ 2018 წელს, შემდეგ კი 2021 წელს იგეგმებოდა.