პუტინმა თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა

პუტინმა თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა. უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო, რუსეთის თავდაცვის ახალი ბიუჯეტი მთავრობის საერთო ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი იქნება.

უფრო კონკრეტულად, რუსეთის 2025 წლის სამხედრო ბიუჯეტი $126 მილიარდი იქნება, რაც სამთავრობო ხარჯების 32.5%-ს შეადგენს. ცნობისათვის, მომდევნო წლის რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2024 წლის მაჩვენებელს $28 მილიარდით აღემატება. 2024 წლის $98-მილიარდიანი ბიუჯეტი ასევე რეკორდული იყო. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სამი წლის ბიუჯეტი 2026 წლიდან თავდაცვის ხარჯების თანდათან შემცირებას ითვალისწინებს.

რამდენიმე თვეში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წელი გავა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტი ოკუპანტს წლიურად ასობით მილიარდი დოლარი უჯდება. განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის ღირებულების გათვალისწინებით, ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ტოტალური სანქციების ქვეშაა, ის ომის დაფინანსებას მაინც ახერხებს. თუმცა, ბუნებრივია, თავდაცვის ხარჯებისათვის გაღებული თითოეული რუბლი დაფინანსებას სხვა ინდუსტრიებს აკლებს. ომის დასაფინანსებლად რუსეთი საკუთარ ბუნებრივ რესურსებს, საწვავსა თუ სამხედრო ტექნიკას ისეთ ქვეყნებზე ყიდის, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა, აფრიკული სახელმწიფოები და სხვა.

ეკონომიკურ ვითარებაზე კონტროლის დასამყარებლად რუსეთი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასაც ატარებს. ოქტომბერში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 21%-მდე გაზარდა.