უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთანხმებას მხარს უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ შეთანხმების მისაღწევად გარკვეული წინაპირობები უნდა დაკმაყოფილდეს.
პრესკონფერენციაზე პუტინმა უკრაინასთან პოტენციური შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სულ მცირე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება კარგი იქნება და ის ამისთვის მზადაა, თუმცა არსებობს ნიუანსები. მისი განმარტებით, შეთანხმების მისაღწევად უნდა გამოირიცხოს თავად ამ ომის დაწყების მიზეზების ფესვებში არსებული გარემოებები, კერძოდ კი უკრაინის სურვილი, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო.
პრესკონფერენციის დასაწყისში პუტინმა გაწეული ძალისხმევისათვის დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით საკუთარი კითხვებიც გააჟღერა. „ნიშნავს ეს [ცეცხლის შეწყვეტა] იმას, რომ ყველა, ვინც იქ [ფრონტზე] არის, უბრძოლველად წავა სახლში? ვინ დაადგენს შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას?“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ეწვია. გავრცელებული ინფორმაციით, უიტკოფი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად პუტინს შეხვდება და ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების წინაპირობებზე ესაუბრება. თავად პუტინის განცხადებით, განხილვის საგანი კურსკის რეგიონიც უნდა იყოს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის წინ შეიჭრნენ და იქ დღემდე აკონტროლებენ ტერიტორიებს.
ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმების მზაობა უკრაინულმა მხარემ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. რუსეთის მხრიდან მზაობის გამოთქმის შემთხვევაში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის პირობების შეთანხმებაზე მუშაობას დაიწყებენ.