პუტინთან დაძაბული ურთიერთობა, ირანის დაბომბვის მუქარა | ტრამპის ინტერვიუს დეტალები

პუტინთან დაძაბული ურთიერთობა, ირანის დაბომბვის მუქარა | ტრამპის ინტერვიუს დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას, NBC News-სთან განაცხადა, რომ ის მზადაა, დააწესოს ტარიფები რუსული ნავთობის იმპორტზე, თუ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ტრამპი შედარებით მკაცრი ტონით იმასაც აღნიშნავს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე „გაბრაზებულია“, რადგან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გაჭიანურდა.

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთიდან გამავალ ნავთობზე მინიმუმ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს, თუ შეთანხმება უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მიღწეული არ იქნება: „თუ რუსეთი და მე ვერ მოვახერხებთ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევას და თუ ჩავთვლი, რომ ეს რუსეთის ბრალი იქნება – რაც შეიძლება ასე არ იყოს – თუმცა, თუ მე მივიჩნევ, რომ ეს რუსეთის ბრალი იქნება“. Meet the Press-ის წამყვან კრისტენ უელკერს ტრამპმა ასევე განუცხადა, რომ ტარიფები შეთანხმების ვერმიღწევიდან ერთი თვის ვადაში ამოქმედდება და შესაძლოა სხვა პროდუქტებზეც გავრცელდეს.

NBC News-სთან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ამტკიცებდა, რომ ის „ძალიან, ძალიან გაბრაზებული“ იყო პუტინის განცხადების გამო, უკრაინაში „გარდამავალი ადმინისტრაციის დაწესებისა“ და უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლის თაობაზე. ტრამპის თქმით, პუტინის კომენტარები შეუსაბამოა და გააკრიტიკა ის რეჟიმის შეცვლაზე შემოთავაზებისთვის, მაშინ როდესაც მხარეები მოლაპარაკებების შუა ეტაპზე არიან. ტრამპის განცხადებითვე, უკრაინაში ახალი მთავრობის მოსვლის შემთხვევაში, შეთანხმებას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიაღწევენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, მისი ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა პუტინის განცხადებაზე მისი დამოკიდებულება მოსკოვსაც აცნობეს. თუმცა ამის პარალელურად, ტრამპმა ისიც დასძინა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან „ძალიან კარგი ურთიერთობა“ აქვს.

NBC News-სთან ინტერვიუსას, უკრაინის ომის გარდა, მთავარ საკითხებს შორის მოხვდა აშშ-ირანის ურთიერთობა. Meet the Press-თან ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანისთვის ტარიფების დაწესება ან უფრო მკაცრი ზომების მიღებაც შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმება მიღწეული არ იქნება: „თუ შეთანხმება არ მიიღწევა, ამას დაბომბვა მოჰყვება“.

შაბათს ღამით, NBC-ისთვის ცალკე მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა კომენტარი მისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ საკამათო ტარიფებზეც გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას არ ადარდებს, თუ მისი ტარიფების გამო უცხოურ მანქანებზე ფასები გაიზრდება და არც ავტოინდუსტრიის აღმასრულებელი დირექტორებისთვის მოუწოდებია, რომ ტარიფების მიუხედავად ფასები შეინარჩუნონ: „არ მაინტერესებს, გაზრდიან თუ არა ისინი ფასებს, რადგან ხალხი ამერიკული წარმოების ავტომობილების ყიდვას აპირებს“.

პუტინთან დაკავშირებით ტრამპის კომენტარების მიუხედავად, ამერიკელების ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ მათი პრეზიდენტი უკრაინის ომში რუსეთის მხარესაა. CBS News/YouGov-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 46%-ს სჯერა, რომ ტრამპი მხარს რუსეთს უჭერს, ხოლო დემოკრატებმა, თეთრ სახლში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია პრორუსული რიტორიკის გავრცელებაში დაადანაშაულეს.