გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდი აუდიტორული კომპანია PwC თავის 22 000 თანამშრომელს უფლებას აძლევს, თავად აირჩიონ, თუ როდის დაიწყებენ და დაასრულებენ სამუშაო დღეს. კომპანიაში ამბობენ, რომ მიზანი პოსტპანდემიურ პერიოდში სამსახურის მაქსიმალური მოქნილობაა.
ამასთან, PwC-ში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დასაქმებულებს პანდემიის შემდეგაც შეეძლებათ სახლიდან მუშაობა; ივლისსა და აგვისტოში კი პარასკევი დღე მხოლოდ ნახევარგანაკვეთური იქნება.
„რადგანაც არსებობს რისკი, რომ შეიძლება ხელიდან გავუშვათ კოვიდპანდემიისას დანერგილი ახალი სამუშაო ქცევა ეკონომიკის გახსნისთანავე, საჭიროა, ახლავე დავგეგმოთ გონივრულად, რას ვაპირებთ მომავალში“, – ამბობს PwC-ის თავმჯდომარე, კევინ ელისი.
გარდა ამისა, კომპანია მზადაა, გახსნას ოფისები ინგლისსა და უელსში, თუ თანამშრომლები თავს ადგილზე უკეთ იგრძნობენ.
როგორც ჩანს, მუშაობის მოქნილ მოდელზე გადასვლა ახალი მსოფლიო ტენდენციაა – თებერვალში Spotify-მ განაცხადა, რომ პანდემიის შემდეგ დასაქმებულებს ნებისმიერი სასურველი ადგილიდან შეეძლებათ საქმიანობა.