ქარის სადგურის მშენებლობა $29.7 მლნ დაჯდა, მთავრობა კი მას $14.2 მილიონად ყიდის.
“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” და სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” 100%–იანი წილის გაყიდვის მიზნით. წილის საწყისი ღირებულება კი 14,250,000 მილიონი დოლარის ექვივალენტია ლარში.
სადგურის მშენებლობის ჯამური ღირებულება შეადგენს 29.7 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 22 მილიონი მოზიდული იქნა სესხის სახით – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხრიდან. დანარჩენი თანხა კი დაფინანსდა სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან, რომლებიც შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” მესაკუთრეებს წარმოადგენენ.
შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე ყაზარაშვილის ინფორმაციით, სესხის ნაწილი დღეს უკვე გადახდილია და ამ ეტაპზე EBRD-სთვის დასაფარი თანხის მოცულობა 17.5 მლნ დოლარს შეადგენს.
ყაზარაშვილი Forbes-თან საუბრისას განმარტავს, რომ აუქციონში გამარჯვებული კომპანია შპს ქართლის ქარის ელექტროსადგურის მესაკუთრეებს უხდის მხოლოდ მათი წილის ღირებულებას, ანუ მინიმუმ 14,250,000 აშშ დოლარს.
“თუ ახალი მესაკუთრე მოელაპარაკება ბანკს, მაშინ სესხის გადახდა გაგრძელდება, ისე როგორც აქამდე იყო. თუ არ შედგა მოლაპარაკება, ახალი მფლობელი ვალდებული იქნება ჯერ გადაფაროს სესხი სრულად (17,5 მილიონი აშშ დოლარი) ხოლო შემდგომ გადაიხადოს მის მიერ აუქციონში კომპანიის შესყიდვის საბოლოდ დაფიქსირებული ფასი”, – ამბობს ყაზარაშვილი და განმარტავს, რომ სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში არ რჩება კომპანიაში, შესაბამისად არც რაიმე სახის ვალდებულება გაჰყვება მას.
“ქართლის ქარის ელექტროსადგური” წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 მლნ კვტ/სთ–ია. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა. 2016 წლის 10 ნოემბრიდან “ქართლის ქარის ელექტროსადგური” საცდელი გაშვების რეჟიმში დარეგისტრირდა სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან” საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგური” სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან” დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში. ჯამში 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული, 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის “ქართლის ქარის ელექტროსადგური”, მოიცავს 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, სიმძლავრის მიწისქვეშა გადამცემ ხაზს, მიწისქვეშა ოპტიკურ კაბელს, საოფისე შენობას და სხვა მოძრავ ქონებას.