საქართველოში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2020 წლის 9 თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა. მათი მიხედვით, ქართული ბანკების ჯამური აქტივები ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად წლიურად 18%-ით არის გაზრდილი და 54 მილიარდ ლარს შეადგენს. ასევე გაზრდილია ბანკების შემოსავალი მათ მიერ გაცემულ სესხებზე, რაც 9 თვეში 2.9 მილიარდ ლარს შეადგენდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2.7 მილიარდი ლარი იყო. თუმცა, მკვეთრად არის გაუარესებული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელი. ჯამურად თხუთმეტივე კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად 252-მილიონიან ზარალზეა.
როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა “აქტივების შესაძლო დანაკარგების” ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც, მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სავარაუდოდ, სექტორი მიმდინარე წელს ან ზარალით, ან მინიმალური ოდენობის მოგებით დაასრულებს. შედარებისთვის, 2019 წელს ბანკების 953 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდათ.