ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 20 მლნ ევროს ინვესტიციების განხორციელებას აპირებს. კომპანია გეგმავს ახალი ბრენდული ღვინოების ჩამოსხმას და ასორტიმენტის გაფართოებას. GWS-ი ასევე მუშაობს ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ღვინოების განვითარებაზე.
როგორც GWS-ის ელჩი, ქეთი კენკიშვილი ამბობს, კომპანიის მიზანი ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად, დაფასებულ და ძვირად ღირებულ ბრენდად წარმოჩენაა. მისივე თქმით, ეს უნდა იყოს სხვა ქართული ღვინის მწარმოებლების მიზანიც.
„საქართველო პატარა ქვეყანაა, მოცულობით ვერ შევედრებით ჩილეს, შესაბამისად ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ტერუარების მრავალფეროვნება. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ბაზარს იშვიათი ღვინოები“, – აღნიშნა მან.
დღესდღეობით GWS-ის მფლობელობაში 400 ჰექტარი ვენახია, რომელთა 70% კახეთშია გაშენებული, ხოლო 30% დასავლეთ საქართველოს ცნობილ მიკროზონებში. ამასთან, ვენახების დაახლოებით 280 ჰექტარს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 ჰექტარი კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. გარდა ამისა, GWS-ის ვენახების 70% ქართულ ტრადიციულ ყურძნის ჯიშებს მოიცავს, 30% კი საერთაშორისო ცნობილ სახეობებს.
აღსანიშნავია, რომ GWS-ი იყო პირველი, რომელმაც ევროპული სტანდარტებით ჩამოასხა ბოთლში ღვინო და დამოუკიდებელი საქართველოდან ექსპორტზე გაიტანა. „GWS იყო ასევე პირველი, რომელმაც საქართველოში შექმნა ქართული ღვინის ბდენდი, აღმოაჩინა მივიწყებული ჯიშები, ფაქტობრივად ქართული თანამედროვე მეღვინეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, – ამბობს ქეთი კენკიშვილი და დასძენს, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში კომპანიას 20 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
2020 წელს GWS-მა მეღვინეობა „ზედაშე“ და მის ირგვლივ გაშენებული 9 ჰა ვენახი შეიძინა. მანამდე რაჭაში, სოფელ სადმელში კომპანია კიდევ ცხრა ჰექტარის ფართობის ვენახებს ფლობდა. GWS-ში ამბობენ, რომ რაჭაში ახალი იშვიათი რაჭული ყურძნის ჯიშების, მაგალითად, თეთრას და ძელშავის გაშენებასაც გეგმავენ. „გარდა ამისა, გვაქვს გეგმები რომ რაჭისთვის ჯერ კიდევ უცნობი ყურძნის ჯიშები გავაშენოთ. შესაბამისად მომხმარებელს უახლოეს მომალვაში შევთავაზებთ საინტერესო ბრენდებს, განსაკუთრებით რაჭულ მშრალ ღვინოებს“, – ამბობს ქეთი კენკიშვილი.
ცნობისთვის, GWS-მა პირველი ღვინის საწარმო 1993 წელს თელავში გახსნა. იგი 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე გაიხსნა. GWS-ს ღვინის ისეთი ბრენდები აქვს შექმნილი, როგორიცაა „ძველი თბილისი“, „თამადა“, „ვისმინო“.