ქართული კომპანიები და სტარტაპები Web Summit 2023-ზე

ქართული კომპანიები და სტარტაპები Web Summit 2023-ზე

13-16 ნოემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – Web Summit 2023 გაიმართა. სამიტზე მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ფირმებთან ერთად, ქართული კომპანიები და სტარტაპებიც მონაწილეობდნენ. Web Summit 2023-ზე სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ქართული სტენდიც მოეწყო.

ტრადიციულმა ღონისძიებამ მიმდინარე წელს მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 70,000-ზე მეტი დამსწრე, 806 სპიკერი, 2,608 სტარტაპი და 906 ინვესტორი გააერთიანა. Web Summit 2023-ის სპიკერთა შორის ვხვდებოდით ისეთ სახელებს, როგორებიცაა: Alibaba.com-ის პრეზიდენტი კუო ჭანგი, Wikipedia-ს დამფუძნებელი ჯიმი უელსი, Bolt-ის დამფუძნებელი მარკუს ვილინგი, Microsoft-ის მდგრადობის აღმასრულებელი დირექტორი მელანი ნაკაგავა, MIT-ის კვლევების უფროსი სპეციალისტი ენდრიუ მაკაფი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რიკარდო მოურინიო ფელიქსი, Sega-ს შუძი უთსუმი და სხვ.

სტარტაპებისთვის სამიტს, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ბევრი დატვირთვა აქვს. ღონისძიება მათთვის ერთდროულად ბრენდის ცნობადობის გაზრდის, დაფინანსებების მოზიდვის, ნეტვორკინგის გაზრდისა და ინდუსტრიის ექსპერტებისგან სწავლის შესაძლებლობაა. მიმდინარე წლის Web Summit-ზე ინვესტორთა შორის იყვნენ Union Square Ventures-ის მმართველი პარტნიორი ალბერტ ვენგერი, Indico Capital Partners-ის მმართველი პარტნიორი კრისტინა ფონსეკა, Coelius Capital-ის დამფუძნებელი ზაკ კოელიუსი, Anamcara-ს დამფუძნებელი ანელი აჯამი, Shell-ის გენერალური მენეჯერი აკილაჰ ლებლანკი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ სამიტზე ქართული კომპანიების გარდა, საქართველოს წარმომადგენლებს სპიკერთა რიგებშიც ვხვდებოდით. სამიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „Innovate or regulate”.

სპიკერთა შორის იყო ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე. ცნობისთვის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპი Theneo  გასულ წელს, Web Summit 2022-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპ-კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებული გახდა.

რაც შეეხება თავად ანას, ის 2018 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში, მის გარდა კი, მიმდინარე წლის Web Summit-ზე Forbes-ის 30 წლამდელთა სიის სხვა წარმომადგენლებიც ვიხილეთ. მათ შორისაა TasteIt-ის დამფუძნებელი, 2021 წლის 30 Under 30-ის კატეგორიის „მედია და მარკეტინგის“ გამარჯვებული გიორგი ურუშაძე და 30 Under 30-ის კატეგორიის, „ფორბსის რჩეულის“ 2021 და 2023 წლის გამარჯვებულები, OutPlay-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხვიჩა ფარსადანაშვილი და Kernel-ის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის ლიდი გიორგი ურუშაძე.

ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ლისაბონში გამართულ სამიტზე ვიზიტორებს თავიანთი მომსახურება  შესთავაზეს, ხოლო სტარტაპებმა, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ საპრეზენტაციო სივრცეში, პოტენციური ინვესტორებისა და სამიზნე პარტნიორებისთვის B2B-შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს. საერთო ჯამში, Web Summit-ზე საერთაშორისო სტატუსის მქონე 5 ქართული IT-კომპანია – LineAte Georgia, Making Science •Sweeft-ი, DevExperts-ი, Leavingstone-ი, Redberry – და 18 სტარტაპი ვიხილეთ (Kernel-ი სამიტის ვებგვერდზე ინდოეთის სტარტაპებს შორისაა განთავსებული):

Theneo – დეველოპერებმა და მცირე/საშუალო კომპანიებმა სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შეძლონ ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსი API-დოკუმენტაციების გენერირება.

Awork – სამუშაოს მაძიებლებისა და კომპანიების დამაკავშირებელი სტარტაპი.

Klipy – კლიპების, გიფებისა და მიმების სოციალური ქსელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის მქონე API.

Skillwill – მონაცემთა მართვის, რისკების მართვის ავტომატიზაციისთვის, მოგებიანიობის გამოთვლისა და მარეგულირებელი ანგარიშების მომზადების მიზნით, ბანკებისთვის შექმნილი SaaS-პლატფორმა.

Wempler –one-stop-shop-ი ნებისმიერი ერთჯერადი დავალებისა და სერვისისთვის. აპლიკაციით მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის, კატეგორიზირებული და არაკატეგორიზირებული დავალების შესრულების გენერირება შეუძლია.

Agronnect – ონლაინ „მარკეტპლეისის“ მეშვეობით აგრონომიული კონსულტაცია გახდეს ხელმისაწვდომი და საყოველთაო.

Baasi -პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტებს შორის ბარიერებს ამსხვრევს და ადამიანებს შეუფერხებლად დაკავშირებაში ეხმარება.

Carusell – ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის მოქნილი AI-პლატფორმა.

CrossCreators – აუგმენტირებული რეალობის ბაზარი, 60%-ით ხელმისაწვდომობით და სამჯერ სწრაფად AR-კონტენტის მისაღებად.

DataMind – უსაფრთხოების სტანდარტის პროტოკოლის დანერგვა და GDPR Compliance-ის შესაბამისად მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის შემუშავება.

Georgia Tennis – სამართლიანი რეიტინგები, თამაშის სტატისტიკა და ყველა ადგილობრივი სპორტული ობიექტი ერთ აპლიკაციაში.

Greet AI – AI-ინტერვიუერი აპლიკანტების სწრაფი შემოწმებისთვის.

Helio.ai – პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპანიებს რეკრუტირების პროცესის ავტომატიზაციასა და კანდიდატების პროფილებზე დაყრდნობით მათ აყვანაში ეხმარება.

Helthity – AI-სამედიცინო ტურიზმის ბაზარი, რომელიც სამედიცინო ტურიზმს კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებად გარდაქმნის.

Omofox – მსხვილი ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ყველა სერვისი ერთ სივრცეში.

OutPlay – ინოვაციური მულტიფუნქციური სოციალური ქსელი ახალი თაობისთვის, მარტივი ინტერფეისითა და მომხმარებელზე მორგებული გარემოთი.

QuickShipper – პროგრამული უზრუნველყოფით ბიზნესებს, საკუთარი ტრანსპორტირების სერვისით, საწყობიდან მომხმარებლამდე ტრანსპორტირების ხარჯს 20%-ით უმცირებს. მაქსიმალური დატვირთვის დროს შესაძლებელია გარე კომპანიების მიწოდების სერვისის გამოყენებაც.

Stori – AI-პლატფორმა ბრენდებს საკუთარი კონტენტის შექმნისა და სხვადასხვა არხში განთავსების შესაძლებლობას აძლევს.

TasteIt – სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს გასტრონომიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს.