ქართული Phubber-ი უკრაინის ბაზარზე შედის

ქართული Phubber-ი უკრაინის ბაზარზე შედის

სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ი ივნისიდან უკრაინის ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განუცხადა. „უკრაინაში საოპერაციო საკითხებზე ინტენსიურად ვმუშაობთ, იქნება ეს უკრაინული იურიდიული ერთეულის შექმნა თუ კონსულტაციები ბრენდებთან, დიზაინერებთან და გამყიდველებთან და ასევე მარკეტინგული PR-სტრატეგიის შემუშავება“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ უკრაინულ Phubber-ზე სამოსისა და აქსესუარების ცნობილ ბრენდებთან ერთად უკრაინელი და ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქციაც იქნება წარმოდგენილი.

ჩუგოშვილის თქმით, უკრაინა საქართველოზე 10-ჯერ დიდი ქვეყანაა, ონლაინბაზარიც აქ უფრო განვითარებულია, ამიტომაც Phubber-ს ამ ბაზარზე წარმატების დიდი მოლოდინი აქვს.

როგორც კომპანიაში რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, Phubber-ი განაგრძობს სხვა ბაზრების ათვისებაზე მუშაობასაც. უკრაინის ბაზარზე შესვლისთვის კი Phubber-ი 250 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული თანხა ქართულმა კომპანიამ თებერვლის ბოლოს WhatsApp-ის წამყვანი დეველოპერისა და მეწილესგან, იუჟინ ფუკსმანის ოჯახისგან მოიზიდეს.

ცნობისთვის, კომპანიამ ფუკსმანის ოჯახისგან ინვესტიცია ორჯერ მოიზიდა. შარშან ამერიკელმა ინვესტორმა Phubber-ში $100,000-ის ინვესტიცია განახორციელა და მას შემდეგ, რაც კომპანიას ძალიან წარმატებული 2020 წელი ჰქონდა, გადაწყვიტა, თავისი თანამონაწილეობა გაეზარდა და მიმდინარე წელს დამატებით $300,000 დააბანდა.

ტანსაცმლით ვაჭრობის ქართული ონლაინპლატფორმა 2019 წელს გაეშვა და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა.