ქართული ტელეარხების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

ქართული ტელეარხების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

2020 წლის 9 თვეში საქართველოში მოქმედი ყველა სატელევიზიო მაუწყებლის მთლიანმა შემოსავალმა 151,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49.2 მილიონი ლარით მეტია. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, სექტორის მთლიანი დაფინანსების ზრდის მიუხედავად, არხების სარეკლამო შემოსავალი წლიურ ჭრილში შემცირებულია.

საქართველოში სატელევიზიო სექტორი სამი ძირითადი წყაროს მეშვეობით ფინანსდება, ესენია: სარეკლამო დაფინანსება, სახელმწიფო დაფინანსება და არხების დამფუძნებლების ინვესტიციები. წელს ყველაზე მაღალი ტემპით სწორედ ეს უკანასკნელი გაიზარდა, რაც სატელევიზიო ბაზარზე რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოჩენას უკავშირდება.

წმინდა სარეკლამო შემოსავალი 2020 წლის 9 თვეში 42.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელთან შედარებით 7.2%-ით ნაკლებია. ამ ვარდნის მთავარ მიზეზს ერთ მაუწყებელში – რუსთავი 2-ში სარეკლამო შემოსავლების 55%-იანი კლება განაპირობებს და მას ვერც ახლად შექმნილი ტელევიზიების სარეკლამო დაფინანსება აბალანსებს. ჯამურად, რეკლამით შემოსული თანხები ტელევიზიების შემოსავლის მხოლოდ 27.5%-ის ტოლია. იქიდან გამომდინარე, რომ არხებმა საარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტები მიიღეს, არსებობს ალბათობა, რომ წლიურ ჭრილში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მაინც გაიზრდება.

2020 წლის 9 თვის მდგომარეობით სახელმწიფო დაფინანსება რეკლამების მოცულობას საგრძნობლად აჭარბებს. მთლიანობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის, მათ შორის აჭარის ტელევიზიის დაფინანსებაზე 57.2 მილიონი ლარი მიიმართა, რაც 2019 წელთან შედარებით 26%-ით მეტია.

შესაბამისად, დარჩენილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არხის დამფუძნებელთა და დაკავშირებული მხარეების ინვესტიციებს, ასევე არასამაუწყებლო შემოსავლებს წარმოადგენს. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ტელეკომპანია “ფორმულა“, რომელმაც დამფუძნებლებისა და დაკავშირებული მხარეებისგან 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო. მეორე ადგილზეა “მთავარი არხი”, რომელმაც მაუწყებლებისა და დაკავშირებული მხარეებისგან 10 მილიონ ლარამდე მიიღო, მესამეზე კი “ევრონიუს საქართველოა”, რომელიც დამფუძნებლებმა 8 მილიონ ლარამდე თანხით დააფინანსეს.

          

          

მეთოდოლოგია: სია შედგენილია 2020 წლის 9 თვის მონაცემებზე დაყრდნობით. ტელეკომპანიების შემოსავლები აღებულია საქართველოს კომუნიკაციის კომისიის ანალიტიკური პორტალიდან. სარეკლამო შემოსავლების შეფასების დროს გამოყენებულია კომისიის მეთოდოლოგია, რომელიც ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებში შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: რეკლამა, სპონსირება, პროდუქტის განთავსება, განცხადებები და ტელეშოპინგი.