ქართველი მილიარდერები Forbes-ის 2023 წლის რეიტინგში

ქართველი მილიარდერები Forbes-ის 2023 წლის რეიტინგში

ამერიკულმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ორ ქართველს ვხედავთ: მიხეილ ლომთაძესა და ბიძინა ივანიშვილს.

ყაზახური ბანკის, Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძის ქონება 1.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის 2023 წლისთვის 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ლომთაძის ქონების მატება ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების ფასის გაძვირებას უკავშირდება, რაც გასულ წელს უკრაინის ომიდან გამომდინარე იყო შემცირებული. მიხეილ ლომთაძე ამჟამად მსოფლიოს 774-ე უმდიდრესი ადამიანია.

ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის. ანალოგიურად, ვიაჩესლავ კიმის ქონებაც Forbes-ის მიერ 3.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ლომთაძე Forbes-ის სიაში 2021 წელს, ლონდონის ბირჟაზე Kaspi-ის IPO-ს შემდეგ მოხვდა.

Forbes-ის შეფასებით, წინა წელთან შედარებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის ქონებაც და ის 4.9 მილიარდს შეადგენს.

2020; 2021 და 2022 წლებში Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებდა, იქამდე კი 2019 წელს ეს შეფასება 4.9 მილიარდზე იყო. ბოლო მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 545-ე უმდიდრესი ადამიანია.