ქართველი მულტიმილიონერი: საქართველომ აქცენტი ინოვაციებზე უნდა გააკეთოს

ქართველი მულტიმილიონერი: საქართველომ აქცენტი ინოვაციებზე უნდა გააკეთოს

ინოვაციებია, ის რაზეც საქართველომ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის აზრით, უნდა გააკეთოს აქცენტი. როგორც Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენმა აღნიშნა, ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდობაა საქართველოში.

“მგონია, რომ ინოვაციებში საქართველოს შეუძლია წინ წავიდეს. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განათლებულია. აქვთ საშუალება განათლებისა. საქართველოში ყველაფერი აწყობილია ბიუროკრატიის მხრივ, სწორი გზით მიდიოდა საქართველო ბოლო წლებში, მე მჯერა, რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომ მონახონ ნიშა და ამ ნიშაში დაიწყონ მოქმედება, დააინტერესონ ახალგაზრდობა რომ იმუშაოს და ნახონ თავისი გზა“, – აღნიშნა დავით იაკობაშვილმა.

ბიზნესმენმა მაგალითად ისრაელი მოიყვანა: “ნახეთ ისრაელი პატარა ქვეყანაა, არც ნავთობი აქვთ და არც არაფერი, მაგრამ ყოველ წელს ინოვაციებში მსოფლიოში მეორე და მესამე ადგილზე არიან“.

იაკობაშვილმა, რომელიც 2003 წლიდან მონაკოში ცხოვრობს და ფლობს არაერთ ბიზნესს, აღნიშნა, რომ პანდემიის კრიზისი მსოფლიოში ბევრ რაიმეს შეცვლის, თუმცა, ყველა კრიზისში შეიძლება რაიმე ახლის პოვნა და ახალი საქმის დაწყება, რაც მომავალში გაამართლებს.

“როგორც ჩინელები ამბობენ, ეს არის შანსი… ამის მჯერა… ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაღაც საიმედო და საინტერესო ვნახოთ. რაღაცას წავავლოთ ხელი, დავიწყოთ და წინ წავიდეთ… ძველი ბიზნესებიდან შემოსავალი აღარ გამოდის იმდენი, რომ დაფაროს არსებული ხარჯები. ესე იგი რაღაც ახალი უნდა იპოვო, რაღაც უნდა გამოიგონო, რაღაც სხვანაირად გამოიყენო და გაგიმართლებს“, – აღნიშნა დავით იაკობაშვილმა.

კითხვაზე რამდენად ადაპტირდა იაკობაშვილის ბიზნესები იმ შოკთან რაც შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია, ქართველი ბიზნესმენი ამბობს, რომ ის და თავისი ვაჟი ცდილობენ ვითარებიდან გამოსავლის პოვნას – “ჩემი ვაჟი მუშაობს იმაზე, რომ რაღაც ახალი ვნახოთ და საინტერესო, რომელსაც დასჭირდება ჩვენი ნიჭი და იდეა, რათა ჩვენ რაღაც საინტერესო ახალი ავაწყოთ“.

აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის ქონება Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136-ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც წარმოდგენილია ანტიკვარული საათები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაკობაშვილის ქონება 2014 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, რა დროსაც ის ქართული Forbes-ის ყდაზეც მოხვდა როგორც ქართველი მილიარდერი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.