ყველაფერი, რაც წლევანდელი Met Gala-ს შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც წლევანდელი Met Gala-ს შესახებ უნდა იცოდეთ

Met Gala, მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ვარსკვლავური ღონისძიება, ყოველწლიურად, მაისის პირველ ორშაბათს იმართება. წლევანდელი ღონისძიების თანაორგანიზატორებს შორის არიან ამერიკელი მსახიობი ზენდეია და მომღერალი Bad Bunny, ხოლო მთავარი ორგანიზატორი ჩინური ByteDance-ის პოპულარული ვიდეოპლატფორმა TikTok-ია.

Met Gala ტრადიციულად ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში იმართება. წლევანდელ ღონისძიებას ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტში გამართული გამოფენა – „მძინარე მზეთუნახავები: მოდის აღორძინება“ გახსნის. Met Gala-ს დაარსების მიზანი სწორედ კოსტიუმების მუზეუმის ფონდის მხარდაჭერა იყო, თუმცა დღეს უფრო მეტად ვარსკვლავურ ღონისძიებასთან ასოცირდება, სადაც ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა ცნობილი დიზაინერის ტანისამოსით ჩნდებიან. ჩვენების აუცილებელი პირობაა, რომ მათი ჩაცმულობა ღონისძიების დრესკოდს შეესაბამებოდეს, რომელიც ყოველწლიურად განსხვავებულია.

2024 წლის ღონისძიების თემა „The Garden of Time“-ია, ინსპირირებული ჯეიმს ბალარდის იმავე სახელწოდების 1962 წლის მოთხრობით. წლევანდელი Met Gala-ს თანაორგანიზატორები ზენდეია, Bad Bunny, კრის ჰემსვორტი და ჯენიფერ ლოპესი არიან. რა თქმა უნდა, ორგანიზატორებს შორის უცვლელად ვხვდებით Vogue-ის მთავარ რედაქტორ ანა ვინტურს, რომელიც ღონისძიებას 1995 წლიდან ხელმძღვანელობს.

Met Gala წელს 6 მაისს გაიმართება. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გადასცემს Vogue როგორც მის ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებშიც. PageSix-ის ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს შორის არიან Killers of the Flower Moon-ის ვარსკვლავი და „ოსკარის“ ნომინანტი ლილი გლადსტოუნი, ასევე „ემის“ გამარჯვებული მსახიობი, The Bear-ის ვარსკვლავი აიო ედერბირი.

სტუმრებს შორისაა ბარბადოსელი მომღერალი რიანაც, რომლის ჩაცმულობაც Met Gala-ზე თითქმის ყოველთვის გამორჩეულია და დრესკოდთანაც თანხვდენილია. რიანასთან ერთად, გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ვიხილავთ ჟიზელ ბიუნდჰენს, კენდალ ჯენერს, ოლივია როდრიგოს, უმა ტურმანსა და კარა დელევინს.

„მძინარე მზეთუნახავები: მოდის აღორძინება“ გამოფენაზე კოსტიუმების ინსტიტუტის არქივიდან 250 ნივთი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ოთხ საუკუნეს მოიცავს. გამოფენისთვის შერჩეული ნივთების საერთო მახასიათებელი ბუნებასთან კავშირი და დედამიწის, ჰაერისა და წყლის თემების გარშემო ერთიანდება.

გამოფენის კურატორის ინფორმაციით, გამოფენილი ტანისამოსის ნაწილს მისთვის დამახასიათებელი სურნელიც დაჰყვება – „იმ ადამიანის სურნელი, რომელიც ამ ტანისამოსს ატარებდა. სხეულის ბუნებრივი სურნელი, თუ რას ეწეოდნენ, რას ჭამდნენ, სად ცხოვრობდნენ“, გამოფენის შემადგენელი ნაწილი იქნება.

გამოფენაზე დამსწრეებს უფლება არ ექნებათ უშუალოდ შეეხონ ტანისამოს. თუმცა ტექსტურების ნაწილი 3D პრინტერის საშუალებით იქნება მიღებული, რაც შეხების საშუალებასაც იძლევა. მუზეუმის განცხადებით, ზოგიერთი ნივთის გამოფენისთვის გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი.

გასულ წელს Met Gala-ზე დასასწრები ბილეთის ღირებულება $50 ათასი იყო, ხოლო მთლიანი მაგიდა $300 ათასი ჯდებოდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ადამიანებისთვის ბილეთებს სწორედ ის დიზაინერები ყიდულობენ ხოლმე, რომლებიც მათ ჩაცმულობაზე ზრუნავენ.