2018 წლის განმავლობაში, სატელევიზიო ეთერში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი უალკოჰოლო სასმელების კომპანიებმა განათავსეს – ასეთია IPM კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, სატელევიზიო ეთერში გასული სარეკლამო რგოლების რაოდენობით მეორე ადგილს ჰიგიენის სექტორი იკავებს.
ჯამში, 2018 წლის განმავლობაში ტელევიზიით სარეკლამო რგოლები განთავსდა 42 სექტორში, რაც გადანაწილდა 601 კომპანიაზე. კვლევა 11 ტელეკომპანიაზე მონიტორინგის ფარგელბში შედგა. აღნიშნული ტელეკომპანიებია: 1 არხი, აჭარა, კომედი არხი, ჯიდიესი, ტელე იმედი, კავკასია, მაესტრო, მარაო, მიუზიკ ბოქსი, რუსთავი 2 და ტვ პირველი.
2018 წლის ტოპ-ათი სექტორის წილები სატელევიზიო სარეკლამო რგოლების რაოდენობის ჭრილში შემდეგია:
- უალკოჰოლო სასმელები – 16%
- ჰიგიენა – 11%
- სოციალური – 10%
- კვების პროდუქტები – 7%
- მედიკამენტები – 7%
- ტკბილეული – 6%
- საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტები – 5%
- სამშენებლო – 5%
- ფინანსები – 3%
- ალკოჰოლური სასმელები – 3%
- სხვა – 27%
რაც შეეხება, ჯამში მედიაში გაშუქებულ ინდუსტრიებს (არამხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო გაშუქება), IPM კვლევების მიხედვით, ეკონომიკური სფეროებიდან ყველაზე ხშირად მედიაში ფინანსური სექტორი შუქდება.
ეკონომიკური სფეროს გაშუქებიდან ფინანსური სექტორი მოწინავე 20 სექტორს შორის, გამოვლინებების 44%-იანი წილით ლიდერობს. მეორე ადგილს “მშენებლობის” სფერო იკავებს წილის 11%-ით, მესამე ადგილზე კი 6%-ით რესტორნებისა და სასტუმროების ქსელია. 4%-4% მოდის ავტო და ალკოჰოლურ ინდუსტრიებზე, 3%-3% კი საავიაციო და ნავთობპროდუქტების სექტორზე. დანარჩენი წილი კი სხვა ინდუსტრიებზე ნაწილდება.
კვლევის მიხედვით, ფინანსური სექტორის მთავარი მოთამაშე, მედია გაშუქებების სიხშირის თვალსაზრისით, “თიბისი ბანკია”. მშენებლობის სექტორის მთავარი მოთამაშე გახლავთ კომპანია “ემ კვადრატი”. ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შორის კი “რადისონი” ლიდერობს.