პასპორტის სიძლიერეს განსაზღვრავს ის, თუ მის მფლობელს რამდენ სახელმწიფოში შეუძლია შესვლა უვიზოდ ან ვიზის წინასწარი მოთხოვნის გარეშე. Henley Passport Index-ის მონაცემებით, მსოფლიოს სამი უძლიერესი პასპორტი, მოქალაქეობის მიღების მხრივ ყველაზე რთულ, თუმცა ამავდროულად ყველაზე სასურველ ქვეყანას ეკუთვნის – სასურველს, 200-მდე მიმართულებით უვიზო მგზავრობიდან გამომდინარე.
Henley Passport Index-მა ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე სახელმწიფოდ სინგაპური დაასახელა. სინგაპურის მოქალაქეებს მათი პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 227 მიმართულებიდან 195-ში შეუძლიათ. ცნობისთვის, წლის დასაწყისში ყველაზე ძლიერი პასპორტების მქონე ქვეყნების რეიტინგში, რომელიც Henley Passport Index-მა „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებზე დაყრდნობით წარადგინა, სინგაპური 194 მიმართულებით პირველობას სხვა ხუთ ქვეყანასთან ერთად ინაწილებდა.
ეს სახელმწიფოები – გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და იაპონია – ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების მქონეთა რეიტინგში მეორე პოზიციას იყოფენ. მათ შორის იაპონია, Global Immigration Services-ის ანგარიშით, მოქალაქეობის მიღების სირთულის მხრივ რეიტინგის წამყვან სახელმწიფოებს შორისაც გვხვდება.
იაპონიის მოქალაქეობის მსურველებმა, პასპორტის მიღების უფლებისთვის ქვეყანაში ხუთი წელი უნდა იცხოვრონ, უნდა ჩააბარონ იაპონური ენის გამოცდა, უარი თქვან ნებისმიერ სხვა პასპორტზე და ამასთან ერთად დაამტკიცონ, რომ ქვეყანაში ცხოვრების ფინანსურ ხარჯებს გასწვდებიან. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც. მოქალაქეობის მიღების პროცესი შესაძლოა თვეები და წლებიც კი გაგრძელდეს.
Henley Passport Index-ის პასპორტების სიძლიერის რეიტინგში მესამე პოზიციას შვიდი სახელმწიფო ინაწილებს. მათგან, მოქალაქეობის მიღების სირთულით ორი – ავსტრია და ფინეთი გამოირჩევა.
ავსტრიის მოქალაქეობის მიღებისთვის, პირი ვალდებულია 10 წლის განმავლობაში ქვეყანა არ დატოვოს, ან მინიმუმ 5 წელი იმყოფებოდეს ქორწინებაში ავსტრიელთან. დამატებით აუცილებელია ენის გამოცდის ჩაბარება და სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა. თუმცა, მეორე მხრივ, ავსტრიის მოქალაქეობის მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელია.
ფინეთის მოქალაქეობის მიღებასაც, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, შესაძლოა წლები დასჭირდეს. აუცილებელ მოთხოვნებს შორის კი შედის ფინური ან შვედური ენის ცოდნა, ქვეყანაში მინიმუმ 5-წლიანი რეზიდენტობის პერიოდი და ფინანსური სტაბილურობის მტკიცებულება.
ამის საპირისპიროდ, მსოფლიოს ყველაზე სუსტი პასპორტის მქონედ, Henley Passport Index-ის ანგარიშით, ავღანეთი დასახელდა. ავღანეთის პასპორტით უვიზო მოგზაურობა მხოლოდ 26 მიმართულებითაა დაშვებული. ყველაზე სუსტი პასპორტის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა სირია, ერაყი, იემენი და პაკისტანი.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა 122 უვიზო მიმართულებით, 44-ე ადგილს იყოფს მოლდავეთთან. ცნობისთვის, წლის დასაწყისში, საქართველო 50-ე პოზიციას იკავებდა, 121 უვიზო მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ტაილანდმა დამატებით 36 ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის სისტემა აამოქმედა. აღნიშნულ ქვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში 60 დღის განმავლობაში გამგზავრება უვიზოდ შეუძლიათ.
Henley Passport Index-ის ანგარიშით, 45-ე ადგილზე, 116 უვიზო მიმართულებითაა რუსეთი და თურქეთი, ხოლო აზერბაიჯანი (71) და სომხეთი (68 მიმართულება), შესაბამისად 69-ე და 72-ე პოზიციებს იკავებენ.
Henley Passport Index-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე ქვეყნები:
- სინგაპური – 195 მიმართულება
- გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ესპანეთი – 192 მიმართულება
- ფინეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სამხრეთი კორეა, ავსტრია, ირლანდია – 191 მიმართულება
- გაერთიანებული სამეფო, დანია, ბელგია, ნორვეგია, ახალი ზელანდია, შვეიცარია – 190 მიმართულება
- პორტუგალია, ავსტრალია – 190 მიმართულება
- საბერძნეთი, პოლონეთი – 188 მიმართულება
- კანადა, ჩეხეთი, უნგრეთი, მალტა – 187 მიმართულება
- ამერიკის შეერთებული შტატები – 186 მიმართულება
- ესტონეთი, ლიეტუვა, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 185 მიმართულება
- ისლანდია, ლატვია, სლოვაკეთი – 184 მიმართულება