ყველაზე ძვირად ღირებული მსოფლიო ჩემპიონატი - FIFA World Cup Qatar 2022

ყველაზე ძვირად ღირებული მსოფლიო ჩემპიონატი - FIFA World Cup Qatar 2022

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში კვირას, მასპინძელი კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით იწყება. თორმეტი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირით მდიდარ ქვეყანას ტურნირის მასპინძლობის უფლება მიენიჭა, კატარმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის $200 მილიარდზე მეტი დახარჯა. ზუსტი ხარჯი ჯერჯერბოთ დაუდგენელია, თუმცა Forbes-ის შეფასებით, ის სავარაუდოდ $229 მილიარდს უტოლდება, Bloomberg-ის დათვლებით კი, $300 მილიარდსაც კი აღწევს. თანხის ნაწილით კატარის დედაქალაქში ახალი სტადიონები და სასტუმროები აშენდა, რომლებიც ჩემპიონატის განმავლობაში მილიონზე მეტ გულშემატკივარს დაიტევს.

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ტურნირი ახლო აღმოსავლეთში პირველად ტარდება. ფაქტია, რეგიონის ინტერესი სპორტული სამყაროსადმი ბოლო წლებში განსაკუთრებით იზრდება. კატარმა და მისმა მდიდარმა მეზობლებმა მილიარდობით დოლარი დახარჯეს ევროპის მსხვილ საფეხბურთო კლუბებში, გარდა ამისა, მომავალ წელს რეგიონი Formula 1-ის ოთხ რბოლასაც უმასპინძლებს, საუდის არაბეთის ინტერესის სფეროში კი, პროფესიონალურ გოლფზე დომინირებისთვის, LIV-ის ტურნირი მოექცა.

კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, მათ შორის კატარის პოლიტიკის გამო, რომელიც ქალთა, მიგრანტთა და LGBTQ-პირების უფლებებს ზღუდავს. ამას დაერთო ტურნირის ჩატარებისთვის უჩვეულო დრო და კატარის მთავრობის ამბიცია პირველ ნახშირბადნეიტრალურ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის შემდგომ კი კვლავ მოსალოდნელია, რომ ტურნირი ორგანიზატორებს, სულ მცირე, $5.4 მილიარდის შემოსავალს მოუტანს, რამდენის გამომუშავებაც მსოფლიო ჩემპიონატმა 2018 წელს რუსეთში FIFA-სთვის შეძლო. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს დაახლოებით 3.6 მილიარდმა ადამიანმა უყურა.

92-წლიანი ისტორიის განმავლობაში, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ახლო აღმოსავლეთში პირველად იმართება, რაც მას რეგიონში ოდესმე ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებად აქცევს. ამასთან ერთად კი ტურნირი პირველი გლობალური ღონისძიებაა, რომელიც კოვიდთან დაკავშირებული აკრძალვების შემდეგ მაყურებელთათვის ღია იქნება. შეგახსენებთ, რომ, შეზღუდვებიდან გამომდინარე, მაყურებელი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადასა და პეკინის ზამთრის თამაშებს არ ესწრებოდა.

სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ტარდებოდა, კატარში ყველა თამაში დედაქალაქში გაიმართება. შედეგად, ერთთვიან ტურნირზე დასასწრებად დოჰაში ერთ მილიონზე მეტი გულშემატკივარი მოიყრის თავს, რაც კატარის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მესამედია. კატარისთვის ჩვეული ცხელი ზაფხულის გამო, ცვლილებაა ტურნირის ჩატარების თარიღშიც. შედეგად, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა წლის შუა თვეების ნაცვლად, ნოემბერ-დეკემბერში გადმოინაცვლა და ევროპული ლიგის განრიგი დაარღვია.

დაახლოებით სამი მილიონი ბილეთი – თითქმის ყველა ხელმისაწვდომი ადგილი – ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გაიყიდა. FIFA-ს ინფორმაციით, კატარის მცხოვრებლების გარდა, ბილეთებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იყო. გულშემატკივრებს შორის იქნებიან აშშ-ის, მექსიკის, ბრაზილიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, არგენტინისა და გერმანიის მოქალაქეები.

ტურნირის განმავლობაში გასამართ მატჩებს რვა სტადიონი, შვიდი ახლად აშენებული და ერთიც გარემონტებული, უმასპინძლებს. სტადიონების მშენებლობას მსოფლიო თასისთვის კატარის ინვესტიციის მხოლოდ მცირე ნაწილი მოხმარდა. პრობლემურია გულშემატკივართა განთავსების საკითხი, რადგან სასტუმროების ნაწილის დასრულება ჩემპიონატამდე ვერ მოხერხდა. დასახმარებლად კატარმა მეზობელ ქვეყნებსაც მიმართა. დოჰასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა დიდ ქალაქებს შორის ყოველდღიურად დანიშნული 100-მდე ფრენა ვიზიტორებს კატარის მოსაზღვრე ქვეყნებში დარჩენის საშუალებას მისცემს.

მოთხოვნა განსაკუთრებით დუბაის სასტუმროებზე გაიზარდა, რომელიც კატარიდან სულ რაღაც 55 წუთის სავალზეა. ორგანიზატორების განცხადებით, სტადიონების სიახლოვე და დამაკავშირებელი ტრანსპორტი გულშემატკივრებს დღიურად რამდენიმე თამაშზე დასწრების საშუალებას მისცემს. მეტროს ახალი სისტემა და ელექტროავტობუსები ტურნირის კლიმატზე ზემოქმედებას შეამცირებს, თუმცა ჩემპიონატი ნახშირბადნეიტრალური მაინც არ იქნება.

ცნობისთვის, კატარის სიმდიდრე უმეტესწილად თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს უკავშირდება. ქვეყანა მსოფლიოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთ უდიდეს საბადოს ირანთან იზიარებს. წიაღისეული საწვავი კატარს, ერთ სულ მოსახლეზე, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ აქცევს. არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობიდან მხოლოდ 350,000-ია კატარელი, ქვეყანაში მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი სამუშაო ვიზების მქონე ემიგრანტები არიან.

ევროპის ენერგეტიკული კრიზისის პარალელურად, LNG-ზე მოთხოვნა იმატებს, რისთვისაც ქვეყანამ $50-მილიარდიანი პროექტი წამოიწყო. კატარი ათწლეულის ბოლომდე LNG-ის წარმოების 60%-ზე მეტით ზრდას გეგმავს. Capital Economics-ის პროგნოზით, წარმოების განვითარება ქვეყნის მშპ-ს, 2027 წლის ბოლომდე, 25%-ით გაზრდის.

მეტროს სრულად ახალმა სისტემამ, თანამედროვე გადაზიდვის პორტმა, ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოებამ და დოჰას ჩრდილოეთით დაგეგმილი ქალაქის მშენებლობამ, კატარი სრულად გარდაქმნა. მთავრობის განცხადებით, მშენებლობათა ნაწილი უკვე დაგეგმილი იყო, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატმა გეგმები დააჩქარა.

დაახლოებით $45 მილიარდი Lusail-ის, მეგაგანვითარების ცენტრის მშენებლობისთვის დაიხარჯა, რომელიც დოჰას ჩრდილოეთით მდებარეობს და 2012 წელს ჯერ კიდევ უდაბნო იყო. Lusail-ი, დასრულების შემდეგ, საცხოვრებლად დაახლოებით 200,000 ადამიანს დაიტევს. ახალი მუნიციპალიტეტი მოიცავს ურბანულ ცენტრს, ხელოვნურ არქიპელაგსა და Lusail-ის სტადიონს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.

კატარის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში განვითარებული ინფრასტრუქტურა ქვეყნის არაენერგეტიკული ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სამომავლოდ, ევროპის მიზანმა, შეწყვიტოს წიაღისეული საწვავის გამოყენება, შესაძლოა, კატარზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. ეკონომისტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ტურნირის შემდეგ ქვეყნის არაენერგეტიკული ბიზნესაქტივობაც შენელდება. თუმცა ათასობით სასტუმროს ნომრის მოწყობა, ჩემპიონატისთვის რომ ვერ მოესწრო, 2023 წელს დასრულდება. მთავრობა იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, კატარს მომსახურების სფეროს გაზრდილი გამოცდილება და ცოდნა ექნება.